"ბირთვული იარაღი დეპრესიაზე საშიშია" - დონალდ ტრამპმა ოვალურ კაბინეტში ჟურნალისტებთან საუბრისას ირანის მიმართ მკაცრი პოზიცია დააფიქსირა. პრეზიდენტის თქმით, ეკონომიკური დეპრესიის საფრთხეც კი ვერ შეაჩერებს მას ირანზე დარტყმისგან, თუკი რეჟიმი ბირთვული იარაღის შექმნას შეეცდება.
„ბირთვული იარაღი დეპრესიაზე მაღლა დგას. დეპრესია მართლაც ცუდია, მაგრამ ბირთვული იარაღი დეპრესიას ბევრად უფრო სწრაფად გამოიწვევს“, - განაცხადა ტრამპმა.
პრეზიდენტმა ირანს მოუწოდა, დაიცვას შეთანხმებები და განაცხადა, რომ თეირანის ქმედებებიდან გამომდინარე, აშშ საკუთარ პასუხს თავად განსაზღვრავს. „თუ ირანი თავის შეთანხმებას არ დაიცავს ან თუ არასათანადოდ მოიქცევა, მე გავაკეთებ იმას, რაც საჭიროა. მანამ, სანამ ირანი პატივს გვცემს, ჩვენ არანაირი პრობლემა არ გვექნება“, - აღნიშნა ტრამპმა.
ტრამპმა ჰორმუზის სრუტეში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიმოსვლა აღდგენილია. „ჩვენ ძალიან კარგად მივდივართ ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით. გუშინ სრუტეში იმაზე მეტი ნავთობი გაატარეს, ვიდრე ოდესმე. ჩვენ გვაქვს ორი რამ: ღია სრუტე და ქვეყანა, რომელსაც არასოდეს ექნება ბირთვული იარაღი“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება ნავთობის სანქციების შესაძლო მოხსნას და შემოსავლების განკარგვას, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ირანმა ნებისმიერი ფინანსური სარგებელი ჰუმანიტარული მიზნებისთვის, კერძოდ კი, ამერიკელი ფერმერებისგან საკვები პროდუქტების შესაძენად უნდა გამოიყენოს.
„მათ ფული თავიანთი ხალხისთვის საკვების საყიდლად უნდა გამოიყენონ, რადგან ახლა მათი ხალხი ძალიან მშიერია და ისინი საკვებს ექსკლუზიურად ჩვენგან ყიდულობენ. ეს დიდი ფული უნდა იყოს, იმედი მაქვს, დიდი თანხა იქნება“, - დასძინა აშშ-ის პრეზიდენტმა.