26 ივნისი 2026,   02:25
ვრცლად
დისკრიმინაცია და მძიმედ დაავადებული ადამიანების გაშარჟება - "ოქტოპუსის" სკეტჩმა ონკოპაციენტებისა და მათი ოჯახის წევრების პროტესტი გამოიწვია

ონკოპაციენტების ოჯახის წევრების აღშფოთება YouTube არხ "ოქტოპუსის" "სკეტჩმა" გამოიწვია, სადაც კომიკოსები ქიმიოთერაპიის გვერდით ეფექტებს აშარჟებენ.

დისკრიმინაციული ხუმრობა, რომელსაც ავტორები უწყინარ სკეტჩად წარმოაჩენენ და „შავ იუმორად“ ფუთავენ, რეალურად საკუთარი სიცოცხლისთვის მებრძოლ ათასობით ადამიანს, მათ შორის ბავშვებს შეურაცხყოფს. ასეთია ონკოპაციენტების მშობლების პოზიცია, მათ დღეს "ოქტოპუსისგან" დეტალური განმარტება, ბოდიშის მოხდა და უადგილო ხუმრობის გამო პასუხისმგებლობის აღება, ერთობლივი განცხადებით მოითხოვეს.

მშობლების არაერთი მიმართვის შემდეგ, "კურიერმა" იუმორისტული გუნდის წევრ გიორგი კალატოზთან დაკავშირება სცადა. კომიკოსმა სატელეფონო ზარებს არ უპასუხა და მოგვწერა, რომ პოზიციას სოციალური ქსელით გაავრცელებდნენ. "ოქტოპუსის" განცხადებაში ნათქვამია, რომ მშობლებისა და ონკოპაციენტების აღშფოთების მიზეზი, რეალურად მხოლოდ "შავი იუმორია", რის გამოც ბოდიშს იხდიან. თუმცა, ამ ბოდიშს მალევე მოჰყვა, გიორგი კალატოზის ძმის მიმართვა სოციალურ ქსელში, ფოტო, რომელიც კვლავ ონკოპაციენტების გაშარჟებისკენაა მიმართული.

ტენდენციიდან არც გიორგი ქორიძემ გადაუხვია. სკეტჩის ავტორმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, თუმცა დაავადებული ადამიანებისთვის ბოდიში არც მოუხდია.

ეს თავის მართლება საკმარისი არ არის მათთვის, ვინც წლებია დაავადებას ებრძვის. კიბოს პაციენტთა სათემო ორგანიზაცია "ონკოლაინ ჯორჯია" პასუხს სთხოვს იმ ორგანიზაციებსაც, რომლებიც "ოქტოპუსს" აფინანსებენ.

იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას მომხდარზე სპონსორები , ან შეწყვეტენ თუ არა მარგინალური შოუების დაფინანსებას? "ბეთსონ სპორტსი" და "თიბისი" ბანკი პასუხად მხოლოდ იმას აცხადებენ რომ სარედაქციო პოლიტიკაში არ ერევიან, დაფინანსების შეჩერებაზე კი არაფერს ამბობენ.

სანამ სპონსორები სარედაქციო პოლიტიკის მოტივით პასუხისმგებლობას ირიდებენ, ირკვევა, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ოქტოპუსის" კომიკოსები მძიმედ დაავადებულ ადამიანებს აშარჟებენ.

ვიდრე დისკრიმინაციული განცხადებების ავტორები ზედაპირული წუხილით შემოიფარგლებიან, საზოგადოება ონკოპაციენტების უფლებების შემლახველი განცხადების დაგმობას მოითხოვს. მშობლები და რიგითი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ მსგავსი შინაარსი აძლიერებს სტიგმებს და ნეგატიურად აისახება ონკოპაციენტებზე, განსაკუთრებით კი მცირეწლოვნებზე.

"გაცოცხლებული შოუ" - ასე ჰქვია რუბრიკას, რომლის ავტორებმაც ჩათვალეს, რომ ონკოლოგიურ დაავადებებზე ხუმრობა, მაშინ, როდესაც სენს არაერთი ადამიანი ამ წუთებშიც ებრძვის, სასაცილოა. საზოგადოების მზარდი პროტესტის ფონზე, ახლა მთავარი კითხვაა - აიღებენ თუ არა ღირებულებებზე დაფუძნებულ პასუხისმგებლობას მათი სპონსორი კომპანიები.

დღის ამბები