საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის მოქალაქეებს ღირსების მედლები გადასცა.
ბათუმში, მეზღვაურის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოს სახელმწიფოს აღმშენებლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ღირსეული სამსახურისათვის, საქართველოს სახელმწიფო ჯილდო - ღირსების მედალი გადასცა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ბათუმის ნავსადგურის სახელმწიფო ზედამხედველობისა და კონტროლის სამსახურის ინსპექტორს, ნიკოლოზ ოვჩარენკოს, ასევე, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს, კანცლერს, ლალი ხვედელიძეს, სასწავლო უნივერსიტეტის - ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორის თანაშემწეს, პირველი რანგის კაპიტანს, მიხეილ ბაჯელიძეს და საზღვაო კინოდოკუმენტალისტს, პაატა ტაბაღუას.
დღეს გამართული საზეიმო ღონისძიების ფარგლებში შედგა ახალგაზრდა მეზღვაურების ფიცის დადების ცერემონია, რის შემდეგაც პრეზიდენტმა შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საზღვაო მიმოსვლის, საქართველოს სავაჭრო-სატრანზიტო როლისა და მეზღვაურების პროფესიონალიზმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ღონისძიებას პრეზიდენტთან ერთად საქართველოს პრემიერ-მინისტრი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.