კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე საქართველოს პარლამენტში ქართველი მწერლის, პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწისა და საქართველოში ქალთა განათლების ერთ-ერთი პირველი მხარდამჭერის, ეკატერინე გაბაშვილის დაბადებიდან 175 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებას დაესწრო.
შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და ეკატერინე გაბაშვილის ღვაწლზე ისაუბრეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ნინო წილოსანმა, პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი გაბუნიამ და კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ.
„დიდი მადლობა საქართველოს პარლამენტს ეკატერინე გაბაშვილის იუბილეს აღნიშვნისთვის. როგორც კულტურის მინისტრისთვის, ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ადამიანების ღვაწლის დაფასება, რომლებმაც ქართული კულტურისა და განათლების განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანეს. ეკატერინე გაბაშვილის, გამორჩეული მწერლისა და საზოგადო მოღვაწის შემოქმედებამ არა მხოლოდ ლიტერატურული და საგანმანათლებლო მნიშვნელობა შეიძინა, არამედ ქართული ხელოვნების პოპულარიზაციასაც შეუწყო ხელი. მისი შემოქმედებითი მემკვიდრეობა დღესაც აქტუალურია და ჩვენი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საგანძურს წარმოადგენს. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც ამ მემკვიდრეობის დაცვასა და პოპულარიზაციაში აქტიურადაა ჩართული“, - განაცხადა თინათინ რუხაძემ.
ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურმა დირექტორმა, კონსტანტინე გამსახურდიამ ეკატერინე გაბაშვილის აქამდე უცნობი წერილებისა და პუბლიკაციების კრებული წარადგინა, რომელიც საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის ინიციატივითა და ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით გამოიცა. ასევე, მოეწყო ავტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა.
კულტურის კომიტეტის ინიციატივით ორგანიზებულ საიუბილეო ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე, გრიგოლ ცერცვაძე, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.