25 ივნისი 2026,   23:22
ვრცლად
საპორტო და ინდუსტრიულ ქალაქს მალე ახალი ნავსადგური ექნება - საქართველო გლობალური სატრანზიტო ჰაბის როლს აძლიერებს

საპორტო ინფრასტრუქტურის გაფართოება, გამტარუნარიანობის ზრდა და ახალი შესაძლებლობები - სიმბოლური კაფსულა ჩაგდებულია. მშენებლობა იწყება. საპორტო და ინდუსტრიულ ქალაქს მალე ახალი ნავსადგური ექნება. საქართველო გლობალური სატრანზიტო ჰაბის როლს აძლიერებს. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ახალი საზღვაო ნავსადგურის მეორე ფაზის მშენებლობით ქვეყანა რეგიონულ ლოგისტიკურ ცენტრად მკვიდრდება. ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროექტი საქართველოს, ქართულ ბიზნესს და ამერიკულ ფინანსურ ინსტიტუტებს საერთო მიზნის გარშემო აერთიანებს.

პროექტის მეორე ფაზა 250 მეტრის სიგრძისა და 13 მეტრის სიღრმის ნავმისადგომის მშენებლობასთან ერთად, აკვატორიის დაღრმავებას მოიცავს. ეკონომიკის მინისტრის თქმით, ქვეყანა ინტეგრირებულ სატრანსპორტო სისტემას ავითარებს, რომელიც პორტებს, რკინიგზასა და მაგისტრალებს ერთიან ლოგისტიკურ ქსელში აერთიანებს.

საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის გაძლიერებაზე საუბრობენ საერთაშორისო პარტნიორებიც. ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი აცხადებს, რომ ახალი პროექტი შეერთებული შტატებისა და საქართველოს გრძელვადიანი პარტნიორობის ისტორიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია.

ნავმისადგომის მეორე ფაზის საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონი ამერიკული დოლარია. ინვესტიციის ფარგლებში 25 მილიონ დოლარს საფინანსო ინსტიტუტი "დი ეფ სი" გამოყოფს, დარჩენილ ნაწილს კი "პეის ჯგუფი" უზრუნველყოფს.

ახალი საზღვაო ნავსადგურის პირველი ფაზის საერთო საინვესტიციო ღირებულება 93 მილიონი დოლარია. შეიქმნა 360 სამუშაო ადგილი. უკვე ფუნქციონირებს თანამედროვე საპორტო ინფრასტრუქტურა, რომლის წლიური გამტარუნარიანობა 2 მილიონ ტონას აჭარბებს.

დღის ამბები