საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჰააგაშია - ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 33-ე სესიაზე სიტყვით ნიკოლოზ სამხარაძე, ლევან მახაშვილი და მაია ბითაძე გამოვიდნენ.
ოკუპაცია, გლობალური გამოწვევები და რეგიონის განვითარებისთვის გადასადგმელი ნაბიჯები - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც დეპუტატებმა აქცენტი გააკეთეს. ხაზი გაესვა ორმაგ სტანდარტს და უსაფუძვლო ბრალდებებს, რაც ევროპის კონტინენტზე წარმატებულ თანამშრომლობას ხელს უშლის.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და მოსკოვსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის გაფორმებული შეთანხმება ოკუპაციის განმტკიცებისა და საქართველოს ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიის მცდელობას წარმოადგენს.
მისივე თქმით, ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში მომზადებული ანგარიში ფაქტობრივ შეუსაბამობებს შეიცავს და საბოლოო ჭეშმარიტებად ვერ იქნება მიჩნეული.
"მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ანგარიშის ავტორს დოკუმენტში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის ასახვის გამო, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენთვის, როგორც ამას უკვე გაესვა ხაზი ვენაში. ვინაიდან, ბოლო 30 წელია საქართველო ოკუპაციას განიცდის.
ამ კონტექსტში ჩვენ ასევე გვინდა მტკიცედ დავგმოთ ე.წ. ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის, რაც ურთიერთობების განმტკიცებას მოიცავს და რომელიც მაისში გაფორმდა. ეს დოკუმენტი არის საერთაშორისო წესების უხეში დარღვევა და მოსკოვის კიდევ ერთი სასოწარკვეთილი მცდელობა, განამტკიცოს ოკუპაცია და ხელი შეუწყოს იმ ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიას, რომლებიც საერთაშორისოდ აღიარებულია საქართველოს განუყოფელ ნაწილად.
მე ამით შევახსენებ საერთაშორისო საზოგადოებას, მათ შორის რუსეთის ფედერაციას, რომ ნებისმიერი ე.წ. ხელშეკრულება, შეთანხმება თუ სხვა აქტი, რომელიც დადებულია ოკუპირებული რეგიონების თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ, არის და თავისთავად გამოცხადდება ბათილად და ძალადაკარგულად.
ასევე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ანგარიშის კიდევ ერთ პუნქტზე, რომელიც ეხება მოსკოვის მექანიზმს. მინდა ვაცნობო კომიტეტს, რომ მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას და მის მიგნებებს მხარი არ დაუჭირა ეუთოს (OSCE) მონაწილე სახელმწიფოების უმრავლესობამ. მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, ესპანეთმა, იტალიამ და სხვებმა. ყველას არ ჩამოვთვლი, მაგრამ 34-მა წევრმა სახელმწიფომ მხარი არ დაუჭირა და არ მოიწონა ეს მიგნებები. ასე რომ, ეს არის მნიშვნელოვანი, ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი, რომელიც უნდა აღინიშნოს.
გარდა ამისა, ანგარიში, რომელიც მომზადდა ერთი ექსპერტის მიერ 72 საათში, შეიცავს ბევრ ფაქტობრივ შეუსაბამობას და ასევე ბრალდებებს. თავად ექსპერტმაც აღიარა, რომ მას არ ჰქონდა საკმარისი დრო ყველა ბრალდებაზე მტკიცებულებების მოსაპოვებლად.
შესაბამისად, როდესაც ანგარიში განიხილებოდა ეუთოს მუდმივმოქმედ საბჭოზე, საქართველოს მთავრობამ ასევე წარმოადგინა თავისი პოზიცია ამ ანგარიშთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვერ მივიღებთ ამ ანგარიშს, როგორც საბოლოო ჭეშმარიტებას, რადგან, როგორც აღვნიშნე, თავად ექსპერტმაც აღიარა, რომ მან ვერ შეძლო ანგარიშისთვის საკმარისი მტკიცებულებების შეგროვება.
რა თქმა უნდა, არის გარკვეული რეკომენდაციები, რომლებსაც ვეთანხმებით და ზოგიერთი ეს რეკომენდაცია უკვე შესრულებულია. მაგრამ კიდევ ერთხელ მინდოდა აღმენიშნა, რომ ამ ანგარიშს აქვს გარკვეული ხარვეზები ფაქტობრივ სისწორესთან დაკავშირებით", - აცხადებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ სამხარაძე.