4 ივლისი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეა. საზეიმო თარიღს აღნიშნავს ამერიკის საელჩო საქართველოში, სადაც დილიდან განსაკუთრებული სამზადისია.
ტერიტორიაზე მოეწყო ტრადიციული ამერიკული სტილის პიკნიკი. შეკრებილ 2 000-ზე მეტ სტუმარს ბარბექიუ, ცოცხალი მუსიკა და გასართობი აქტივობები დახვდა. შესრულდა საქართველოს და ამერიკის ჰიმნები.
ღონისძიება საელჩომ ამერიკის სავაჭრო პალატასთან თანამშრომლობით აღნიშნა, რომელიც საქართველოში უმსხვილესი ბიზნესასოციაციაა. ის 270-ზე მეტ ქართულ, ამერიკულ და საერთაშორისო კომპანიას აერთიანებს. საზეიმო მიღება ტრადიციული ფოიერვერკით დასრულდება.
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ალან პერსელი ამბობს, რომ საელჩო სავაჭრო პალატასთან მისი დაარსების დღიდან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს, რათა გაძლიერდეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში არსებული კავშირები.
"უპირველეს ყოვლისა, მსურს მივულოცო ამერიკის სავაჭრო პალატას საელჩოში ამ შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზება, რომელიც ამერიკის დამოუკიდებლობის 250 წლის იუბილეს ეძღვნება. საელჩო სავაჭრო პალატასთან მისი დაარსების დღიდან ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს. ისევე, როგორც სავაჭრო პალატის წევრ კომპანიებთან, რათა გაძლიერდეს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ბიზნესისა და ეკონომიკის სფეროში არსებული კავშირები. ბიზნესი მხოლოდ ერთი სფეროა, სადაც ამერიკელებმა და ქართველებმა ერთად ბევრი მნიშვნელოვანი რამ შექმნეს და ვფიქრობ, სწორედ ამიტომ არის დღევანდელი ღონისძიება განსაკუთრებული. აქ იმყოფებიან ადამიანები, რომლებმაც თავად შეიტანეს წვლილი ამ თანამშრომლობაში სხვადასხვა მიმართულებით. ისინი დღეს აქ თავიანთ ოჯახებთან ერთად არიან შეკრებილები, რათა სადღესასწაულო ატმოსფეროთი დატკბნენ. ამიტომ, ძალიან მიხარია რომ ამერიკის დამოუკიდებლობის ამ ისტორიულ 4 ივლისის დღეს მათთან ერთად აღვნიშნავ,“ - აცხადებს ალან პერსელი.
საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა, ირაკლი ბაიდაშვილმა, ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
"როგორ გეოპოლიტიკური თუ სინოპტიკური ამინდიც არ უნდა იყოს ჩვენს გარშემო, ქართველი ხალხისთვის, ქართული ბიზნესისთვის ამერიკის შეერთებული შტატები იყო და ყოველთვის დარჩება გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორად. დღევანდელი დღე სწორედ ამის კიდევ ერთი დადასტურებაა. მე მინდა მივულოცო, პირველ რიგში, ამერიკელ ხალხს ეს ძალიან დიდი დღესასწაული,“ - აღნიშნა ირაკლი ბაიდაშვილმა.