08 ივლისი 2026,   19:42
ვრცლად
შალვა პაპუაშვილი: სერბეთი ელოდება გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებაში. არსებობს ევროკომისიის დადებითი დასკვნა, მაგრამ მაგალითად, ბალტიის ზოგიერთი ქვეყანა ბლოკავს, რადგან სერბეთს არ აქვს რუსეთისთვის სანქციები დაწესებული

საქართველოს პარლამენტი ბელგრადის დეკლარაციას შეუერთდა. დოკუმენტი სერბეთში გამართული ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა საინაუგურაციო კონფერენციის ფარგლებში მიიღეს. დეკლარაციაში ხაზგასმულია პარლამენტების მნიშვნელოვანი როლი ევროპული ინტეგრაციის პროცესში. დოკუმენტის მიღებამდე შალვა პაპუაშვილი სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა, სადაც აღინიშნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატ ქვეყნებს შორის გამოცდილების მეტად გაზიარებისა და ურთიერთმხარდაჭერის საჭიროება.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, აუცილებელია ევროკავშირის წევრი ქვეყნები ერთმანეთს მხარს უჭერდნენ გაწევრიანების პროცესში. 

"ჩვენ არ ვართ თანასწორნი, როდესაც საქმე გვაქვს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომლებსაც თითოეულს ვეტოს უფლება აქვთ, რომელსაც შეუძლია დაბლოკოს ყველანაირი წინსვლა, ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა, ინფორმაციის გაცვლა. 

მაგალითის სახით, სერბეთი ელოდება ახლა გადაწყვეტილებას გაწევრიანების მოლაპარაკებაში ე.წ. მესამე კლასტერის გახსნასთან დაკავშირებით. არსებობს ევროკომისიის დადებითი დასკვნა, რიგით მეექვსე და როგორც მედიაში იწერება და გამოდის ინფორმაცია, არის ნიდერლანდები, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კლასტერის გახსნას, მიუხედავად იმისა, რომ ევროკომისიამაც კი დაადასტურა, რომ სერბეთი იმსახურებს მისი რეფორმებიდან გამომდინარე მოლაპარაკების ამ ნაწილის გახსნას. 

ასევე, არის ბალტიის ზოგიერთი ქვეყანა, რომელიც ბლოკავს იმის გამო, რომ სერბეთს არ აქვს რუსეთისთვის სანქციები დაწესებული. ასე რომ მსგავსი შემთხვევებით სავსეა ეს გაწევრიანების პროცესი, მნიშვნელოვანია კანდიდატმა ქვეყნებმა ერთმანეთს მხარი დავუჭიროთ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

დღის ამბები