09 ივლისი 2026,   22:39
ვრცლად
მესტიაში უნიკალური არქიტექტურის მქონე პირველი ქორწინების სახლი აშენდება

მესტიას მალე უნიკალური არქიტექტურის მქონე პირველი ქორწინების სახლი შეემატება. ახალი შენობა სრულად ერწყმის ადგილობრივ გარემოსა და ტრადიციულ ინფრასტრუქტურას. წყვილებს დახვეწილი დიზაინისა და თანამედროვე ინტერიერის მქონე სივრცე მოემსახურება.

ქართველი არქიტექტორის მიერ შექმნილმა პროექტმა უკვე მოიპოვა საერთაშორისო აღიარებაც. მესტიის ქორწინების სახლი ორი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული გახდა - იტალიასა და იაპონიაში.

ქორწინების სახლში რეგისტრაციის სერვისით ისარგებლებენ როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. ამით რეგიონის ტურისტული პოტენციალი კიდევ უფრო გაძლიერდება. ახალი პროექტი სახელმწიფო სერვისების რეგიონულ დონეზე განვითარებასაც შეუწყობს ხელს.

მესტიაში ქორწინების სახლი იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით შენდება. პროექტს საფუძველი პაატა სალიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სიმბოლური კაფსულის ჩაშვებით ჩაუყარა. მინისტრის განმარტებით, მაღალმთიან რეგიონებში თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა, სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტებია.

საქართველოს მასშტაბით, ამჟამად ექვსი ქორწინების სახლი ფუნქციონირებს. პარალელურად, იუსტიციის სამინისტრო აქტიურად აგრძელებს არსებული ინფრასტრუქტურის განახლებასა და ახალი სივრცეების შექმნას. უახლოეს პერიოდში დაიწყება თბილისში მდებარე ქორწინების სახლის რეაბილიტაციაც. მშენებლობა დაგეგმილია ბათუმში, თელავსა და მცხეთაშიც. 

დღის ამბები