ეტნას მწვერვალზე წითელი ნათება ჩანს. სიცილიელებისთვის ეს არც სასწაულია და არც მხოლოდ საფრთხე, ეს მათი ყოველდღიური რეალობის ნაწილია.
ევროპაში არსებობს ადგილი, სადაც მიწა მუდმივად სუნთქავს. ეტნა, ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანი, იტალიის კუნძულ სიცილიაზე ათასობით წლის განმავლობაში ბუნების რიტმსა და ადამიანების ცხოვრებას განსაზღვრავს.
იმის მიუხედავად, რომ ვულკანი ხშირად განადგურებასთან ასოცირდება, ეტნას "გზა" სხვა მხარესაც მიდის: ვულკანმა, რომელიც პერიოდულად ყველაფერს ანადგურებს, რაც გზაზე ხვდება, ხმელთაშუა ზღვის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი მიწა შექმნა.
ეტნას ფერდობებზე საუკუნეების განმავლობაში ვენახები, ციტრუსების ბაღები, ზეთისხილის პლანტაციები და ფისტის კულტურები გაშენდა. ვულკანური ფერფლი და მინერალებით მდიდარი ნიადაგი სოფლის მეურნეობისთვის განსაკუთრებულ პირობებს ქმნის. ამიტომ, ადგილობრივებისთვის ეტნა საფრთხესთან ერთად, საარსებო წყაროდაც იქცა.
სიცილიის მცხოვრებლებისთვის ვულკანი ყოველდღიურობის ნაწილია. როდესაც ამოფრქვევა იწყება, ქალაქებისა და სოფლების ქუჩები ხშირად ფერფლით იფარება, დროებით იკეტება აეროპორტები, იცვლება ყოველდღიური ცხოვრება. თუმცა როგორც კი საფრთხე გადაივლის, ადამიანები საკუთარ სახლებსა და ვენახებს უბრუნდებიან. სწორედ ამიტომ, ეტნა ბუნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარადოქსია: ძალა, რომელიც ანადგურებს, ამავე დროს ქმნის.
მეცნიერების ცოცხალი ლაბორატორია
ეტნა მეცნიერებისთვისაც უნიკალური ადგილია. მისი ხშირი აქტივობა საშუალებას აძლევს ვულკანოლოგებს, უწყვეტად დააკვირდნენ დედამიწის სიღრმეებში მიმდინარე პროცესებს. თანამედროვე ტექნოლოგიებით მეცნიერები მიწისძვრებს, გაზების გამოყოფას და ლავის მოძრაობას აკვირდებიან. სპეციალისტები ცდილობენ, მომავალი ამოფრქვევების ნიშნები დროულად აღმოაჩინონ. მიუხედავად ამისა, ვულკანი პროგნოზებს ბოლომდე მაინც არ ემორჩილება და სწორედ ეს ხდის მას ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ბუნებრივ ობიექტად. დაკვირვებისა და მუდმივი შესწავლის მიუხედავად, ბუნება მოულოდნელობის ეფექტს მაინც საკუთარ ექსკლუზივად იტოვებს. ამას ისიც მოწმობს, რომ ვულკანის ზუსტი ამოფრქვევის წინასწარმეტყველება ჯერ ისევ შეუძლებელია.
ცეცხლის მთა და ტურისტები
ბოლო ათწლეულებში ეტნა ტურისტებისთვის ერთ-ერთ მთავარ მიზიდულობის ცენტრად იქცა. მის ფერდობზე, ყოველწლიურად ასიათასობით ადამიანი ადის, რათა საკუთარი თვალით ნახოს კრატერები, გამაგრებული ლავის ველები და შავი ვულკანური ლანდშაფტი.
ეტნაზე ასვლა ჩვეულებრივ მთის ლაშქრობას არ ჰგავს. გზად ლანდშაფტი მუდმივად იცვლება: მწვანე ტყეებს თანდათან მუქი ვულკანური ქვები ცვლის. რამდენიმე საათის განმავლობაში ადამიანი სხვადასხვა გარემოში ხვდება: ერთი მხრივ ეს ხმელთაშუა ზღვის ბუნებაა, მეორე მხრივ კი ცეცხლისგან შექმნილი მკაცრი გარემო. ტურისტების უმეტესობა მოგზაურობას ეტნას სამხრეთ ფერდობიდან იწყებს. აქედან მთაზე ასვლა საბაგიროთია შესაძლებელი. შემდეგ კი ტურისტები მაღალ ზონებში ასვლას, სპეციალური სატრანსპორტო საშუალებებით ან გიდის თანხლებით ახერხებენ.
მწვერვალთან მისვლა ყოველთვის დამოკიდებულია ვულკანის მიმდინარე აქტივობასა და უსაფრთხოების პირობებზე. განსაკუთრებული სანახაობაა ეტნა ღამით. როდესაც ვულკანი აქტიურია, ლავის ნათება შორიდანაც შეიძლება გამოჩნდეს: წითელი ხაზები შავ მთაზე, კვამლი და ვარსკვლავები ქმნის სურათს, რომელიც ტურისტებისთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ქმნის. ამ ემოციებისა და შთაბეჭდილებების მიუხედავად, ეტნა მხოლოდ სათავგადასავლო ადგილი ნამდვილად არ არის და ტურისტები ამას კარგად იაზრებენ. სწორედ ამიტომ ირჩევენ თანამგზავრად პროფესიონალ გიდებს.
ამინდი და ვულკანის აქტივობა სწრაფად შეიძლება შეიცვალოს, ამიტომ უსაფრთხოების წესების დაცვა აუცილებელია. ეტნა ვიზიტორების რაოდენობას არ უჩივის. მაგალითად, 2025 წლის ერთ-ერთი ამოფრქვევის დროს ადგილობრივი მედიების ინფორმაციით, ვულკანთან ათასობით ადამიანი მივიდა, რამაც უსაფრთხოების პრობლემებიც კი შექმნა. მანქანების რაოდენობამ და ხალხის დიდმა ნაკადმა სამაშველო გზებიც კი გადატვირთა.
ახლანდელი აქტივობის დროსაც ეტნა დიდი ყურადღების ცენტრშია: ამოფრქვევამ ფერფლის ღრუბლები წარმოქმნა, რამაც კატანიის აეროპორტის მუშაობაზეც მოახდინა გავლენა. ფრენების ნაწილი დროებით შეფერხდა.
2013 წელს UNESCO-მ ეტნა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა. ეს გადაწყვეტილება მხოლოდ მისი სილამაზით არ იყო განპირობებული. ეტნა ბუნებრივი პროცესების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. ადგილი, სადაც დედამიწა დღემდე, საკუთარი რელიეფის შექმნას განაგრძობს.
მარადიული მთა, ათასწლეულების განმავლობაში ადამიანების წარმოსახვაში იქცა ადგილად, სადაც მიწისქვეშა სამყარო ცეცხლთან და საიდუმლო ძალებთან იყო დაკავშირებული. სანამ მეცნიერები ვულკანის ბუნებას ახსნიდნენ, ადამიანები ცდილობდნენ მისი ამოფრქვევები მითებით აეხსნათ. ეტნას შესახებაც ლეგენდები ძველი დროიდან არსებობს.
ძველი ბერძნებისთვის ეტნა დაკავშირებული იყო ცეცხლისა და ხელოსნობის ღმერთთან - ჰეფესტოსთან. ლეგენდის მიხედვით, ვულკანის სიღრმეში მისი სამჭედლო მდებარეობდა, სადაც ღმერთი იარაღებსა და ჯავშნებს ამზადებდა ღმერთებისთვის. როდესაც მთიდან კვამლი ამოდიოდა და მიწა იძროდა, ადამიანები ამას ზებუნებრივი ძალების მოქმედებად აღიქვამდნენ. ლავის ნაკადები კი მათთვის არა გეოლოგიური პროცესი არამედ, ღმერთების სამყაროს ნიშანი იყო.
ეტნასთან დაკავშირებულია ასევე გიგანტი ტიფონის შესახებ მითი, თითქოს მისი დამარცხების შემდეგ ის მთის ქვეშ მოათავსეს, ხოლო მისი მოძრაობა მიწისძვრებსა და ამოფრქვევებს იწვევდა.
ეტნას ამოფრქვევები ადამიანთა ისტორიას არაერთხელ შეეხო. ჯერ კიდევ ანტიკურ პერიოდში აღწერდნენ მის აქტივობას, ხოლო შუა საუკუნეებიდან მოყოლებული ვულკანის ამოფრქვევები უკვე წერილობით წყაროებში დეტალურად არის აღწერილი. 1669 წლის დიდი ამოფრქვევა ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფაქტია. ლავის ნაკადმა რამდენიმე დასახლება გაანადგურა და ქალაქ კატანიამდეც მიაღწია. თუმცა, ეტნას გარშემო ყოველთვის თავიდან იწყებოდა ცხოვრება: ადამიანები ბრუნდებოდნენ, ამუშავებდნენ მიწას და განაგრძობდნენ იმავე ტერიტორიაზე არსებობას.
ვულკანოლოგები დარწმუნებით ამბობენ, რომ ეტნა ისევ აქტიური იქნება. მას არ აქვს "დასასრული" ან საბოლოოდ "მიძინების" პერსპექტივა. მისი ბუნება სწორედ პერიოდული გამოღვიძებაა. იმის მიუხედავად, რომ დღეს თანამედროვე მონიტორინგი საშუალებას იძლევა, საფრთხეები უფრო ადრე გამოავლინონ და ადამიანების უსაფრთხოება დაიცვან, ზუსტი ამოფრქვევის დროს ვერავინ განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ეტნას მომავალი, ალბათ, ისეთივე იქნება, როგორიც მისი წარსული იყო, მუდმივი ცვლილება.
ეტნა დღეს
ეტნას მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. ბოლო ამოფრქვევამ ყველას ყურადღება მიიპყრო, განსაკუთრებით იმ ტურისტების, რომლებიც ადგილზე აღმოჩნდნენ. ცეცხლი, კვამლი და ფერფლის ღრუბლები მოულოდნელად, თუმცა ალბათ უნდა ითქვას, რომ არც ისე მოულოდნელად, ისევ გამოჩნდა ევროპის ყველაზე აქტიური ვულკანის თავზე.
საერთაშორისო მედიები წერენ, რომ ამ ეტაპზე ეტნას აქტიური ფაზა გრძელდება, თუმცა სიტუაცია კონტროლირებადია. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ბოლო დღეებში ვულკანის აქტივობა გაძლიერდა. ფერფლის ღრუბელმა დაახლოებით 1,5 კმ სიმაღლეს მიაღწია. მეცნიერები ახლა განსაკუთრებით აკვირდებიან: ვულკანურ ტრემორს, ლავის ნაკადებს, გაზების გამოყოფასა და კრატერების ქცევას,რამაც სავარაუდო "მიძინების" დრო უნდა განსაზღვროს. ამიტომ, დღეს ყველაზე აქტუალური და ყველაზე ხშირად დასმული კითხვაა, თუ როდის დამშვიდდება ვულკანი? პასუხი კი გაცილებით რთულია: ვულკანი შეიძლება დროებით გაჩერდეს, მაგრამ მისი "ძილი" ყოველთვის არ ნიშნავს დასასრულს. ეტნა ისევ, შემდეგ გამოღვიძებას დაელოდება.