10 ივლისი 2026,   22:29
ვრცლად
ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, კაპისტონი - ქართული მრავალფეროვნების აღმოსაჩენად ცნობილი გერმანელი ღვინის მაგისტრი საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრა

ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, კაპისტონი - იმერეთში 80-მდე ვაზის ჯიშია აღწერილი. სწორედ ამ მრავალფეროვნების აღმოსაჩენად, ცნობილი გერმანელი ღვინის მაგისტრი საქართველოს კიდევ ერთხელ ესტუმრა. კონსტანტინ ბაუმმა ქართული ღვინის ავთენტური გემოებისა და 8 000-წლიანი ისტორიის შესახებ ვრცელი სიუჟეტიც მოამზადა, რომლის ნახვაც სულ მალე საერთაშორისო პლატფორმაზე გახდება ხელმისაწვდომი.

გერმანელი ღვინის მაგისტრის მიერ მომზადებულ ვიდეოებს ევროპის კონტინენტზე მილიონობით მაყურებელი ჰყავს. კონსტანტინ ბაუმი ღვინის სამშობლოდან საკუთარ გამომწერებს ახალ აღმოჩენებსა და საინტერესო ისტორიებს ჰპირდება. მანამდე კი, იმერეთის ღვინის მარნები და ადგილობრივი კომპანიები მოინახულა. გამოარჩია ის სახეობებიც, რომლებსაც საკუთარ ონლაინ მაღაზიის ღვინოების კოლექციაში შეიტანს.

ქართული ღვინო გერმანიაში სულ უფრო მოთხოვნადი ხდება. ამას ადასტურებს ოფიციალური მონაცემებიც, რომლის მიხედვითაც საქართველოდან გერმანიაში ღვინის ექსპორტი 22%-ით გაიზარდა. მხოლოდ გასულ ექვს თვეში, 800 000 ლიტრამდე ღვინოა ექსპორტირებული. საერთაშორისო მედიაპროდუქტები კი პირდაპირ აისახება ქართული პროდუქციის პოზიციონირებასა და ცნობადობის ამაღლებაზე.

გერმანია ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. საექსპორტო პოტენციალის სრულფასოვნად ასათვისებლად ღვინის ეროვნული სააგენტო საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიებს სისტემატურად ახორციელებს.

ავტორი: ირაკლი კოშაძე 

დღის ამბები