10 ივლისი 2026,   22:08
ვრცლად
მომავლის პრიორიტეტები მომავალი თაობის ჩართულობით - ახალგაზრდების ხმა მთავრობამდე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წევრებმა მიიტანეს, რეგიონული ტურნეს შემდეგ, დღეს მათ პრემიერი შეხვდა

მომავლის პრიორიტეტები მომავალი თაობის ჩართულობით. რატომ არის აუცილებელი უშუალო კომუნიკაცია ახალგაზრდებთან - ამით სახელმწიფო პრობლემების ზუსტ იდენტიფიცირებას ახდენს, მათ უნდა ჩაიბარონ ხვალინდელი პოლიტიკაც და ეკონომიკაც. ამიტომ, მათთან ერთად მიღებული გადაწყვეტილებები გრძელვადიან პერსპექტივაშიც აქტუალურია. ახალგაზრდებს აქვთ თანამედროვე ტექნოლოგიების, გლობალური ტენდენციებისა და პრობლემების გადაჭრის ახალი ხედვა და ამით სახელმწიფო მართვაში ინოვაციების ინტეგრირებაც ხდება.

ახალგაზრდების პროცესებში ჩართულობა სახელმწიფომ პრიორიტეტად გამოაცხადა. რეგიონული ტურნე, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში გამართული შეხვედრები და დისკუსიები, დღეს, "ქართული ოცნების" ახალგაზრდულმა ფრთამ პრემიერ-მინისტრთან შეაჯამა. ირაკლი კობახიძემ ის საკითხები მოისმინა, რომელიც ახალგაზრდობას ყველაზე მეტად აწუხებს.

ახალგაზრდების ხმა მთავრობამდე "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა მიიტანეს. იდეები, გამოწვევები, გეგმები თუ საჭიროებები - რეგიონალური კონფერენციების დროს გაჟღერებული ყველა აქტუალური საკითხი, ორგანიზაციის წევრებმა დღეს პრემიერ-მინისტრთან, ვიცე- პრემიერთან და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან ერთად განიხილეს. "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ ითქვა, რომ პოლარიზაციის დასრულების გზა დიალოგზე გადის, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შემაჯამებელ შეხვედრამდე კი იყო რეგიონული ტურნე. 11 დიდი ქალაქი და ასობით ახალგაზრდის გზავნილები, რომლებიც ორგანიზაციის წევრებმა მოისმინეს და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნეს. ერთი მაგიდის ირგვლივ განხილულ არაერთ საკითხს შორის იყო - მიგრაცია, დასაქმება და რეგიონებში ახალგაზრდებისთვის თავშეყრის სივრცეების შექმნა.

ქვეყნის მართვა მომავლში ახალგაზრდებმა უნდა გადაიბარონ - ეს სიტყვები პრემიერ-მინისტრმა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ თქვა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დიალოგი და კომუნიკაცია ახალგაზრდებთან მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონალური კონფერენციები აჭარიდან დაიწყო, შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით ათ დიდ ქალაქში ჩატარდა, მთავარი მიზანი კი, ისეთი პლატფორმის შექმნა იყო, სადაც ახალგაზრდები ერთმანეთს იდეებსა და ხედვებს გაუზიარებდნენ. ეს მიზანი, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრების თქმით, რეალობად უკვე იქცა.

 

ნანა გოგატაძე

დღის ამბები