12 ივლისი 2026,   13:13
ვრცლად
სააკაშვილის ახალი გეგმა და ნანუკა ჟორჟოლიანის როლი - "ნაციონალურ მოძრაობაში" შიდაპარტიული დაპირისპირება და ცვლილებები გრძელდება

ნანუკა ჟორჟოლიანი პარტიის გარედან იწყებს პარტიის შიგნით რევოლუციურ პროცესებს. მართვის სტილი უკვე შეცვალა, თუმცა არა თავმჯდომარე, რომელმაც მასთან ერთად თანამდებობის გაზიარებაზე უარი თქვა. სწორედ თინა ბოკუჩავას ამ გადაწყვეტილების შემდეგ აამოქმედა მიხეილ სააკაშვილმა გეგმა B და ორხელისუფლებიანობის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" ორ სტრუქტურიანი მართვის მოდელი წარუდგინა - რეფორმატორთა საბჭო და დროებითი მართვის ორგანო.

ამბიციური განცხადებებით ჟორჟოლიანი უკვე პოლიტიკაშია, თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ ხდება. უპარტიო პირებით დაკომპლექტდება რეფორმატორთა საბჭოც - ახალგაზრდებით, რომლებსაც, მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობასთან" აფილირება არ სურთ. პარადოქსული პროცესები და ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კონკრეტულ პოლიტიკოსებამდეც მიდის. გია ბარამიძე პოზიციებს რუსთავის ციხეში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ინიციატივების შესაბამისად იცვლის. რამდენიმე კვირის წინ კი ჟორჟოლიანს ეუბნებოდა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ახალ სახეებს ჩემოდანივით ვერ გადააბარებდა.

უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი თავმჯდომარე ვერ ხდება და ვერც საკუთარ პარტიაში არსებულ არეულობას უსვამს წერტილს. ფაქტია, რომ მისი სურვილები, რომლებიც ბოლო ერთ თვეში რამდენჯერმე შეიცვალა, კიდევ უფრო აბნევს ისედაც დაყოფილ "ნაციონალურ მოძრაობას", რომლის წევრებსაც საჯარო ეთერებში უწევთ იმის მტკიცება, რომ ლიდერის რჩეულთან წინააღმდეგობა არ აქვთ.

ყველაფერი ერთ ადამიანთან არის დაკავშირებული. მიხეილ სააკაშვილმა "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ ოპოზიციურ ალიანსში შეიყვანა, შემდეგ კი საკუთარი გადაწყვეტილებით გამოიყვანა. როგორც მისი ოპონენტები აცხადებენ - პოლიტიკური ეგოს გამო. ახლა კი უკვე პარტიის რებრენდინგის მორიგ მცდელობას იწყებს.

პოლიტიკურ რესურსს ისევ ყოფილ "ნაციონალებში" ეძებენ. ერთდროულად ემიჯნებიან და ამავე დროს გეგმავენ "ნაციონალურ მოძრაობაში" იმ ელექტორატის დაბრუნებას, რომელიც ერთ დროს სწორედ ყოფილი თანაგუნდელების გავლენით დაკარგეს. რეფორმატორთა საბჭო მუშაობას ყრილობის შემდეგ დაიწყებს, როდესაც პარტია თავმჯდომარის ნაცვლად დროებით მმართველ ორგანოს აირჩევს. მათთვის ჟორჟოლიანის საბჭოს რეკომენდაციები სავალდებულოდ გასათვალისწინებელი იქნება.

დღის ამბები