12 ივლისი 2026,   22:15
ვრცლად
ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა თელავის ხევი აადიდა, მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია საშიშროების შექმნისთანავე - პლატონ კალმახელიძე

თელავში, ძლიერი წვიმის შედეგად თელავის ხევი ადიდდა, რამაც მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

როგორც კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე აცხადებს, ყველა შესაბამისი ობიექტიდან, სადაც საშიშროება არსებობდა, მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. მისივე თქმით, ზარალი დიდი იქნება, თუმცა ზუსტი მონაცემები დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეფასების შემდეგ იქნება ცნობილი.

"წუხელ ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა აადიდა ქალაქ თელავში ხევებში, მაგრამ განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა თელავის ხევის ადიდებას, რომელმაც სეხნიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ჩახერგა ხიდი და დაიწყო მდინარემ კალაპოტიდან გადმოსვლა. დავიწყეთ შესაბამისი ობიექტებიდან მოსახლეობის ევაკუაცია. შემდეგ შეიქმნა დამატებითი საფრთხის საშიშროება აგრარული ბაზრის მიმდებარედ, საიდანაც ასევე დავიწყეთ მოქალაქეების ევაკუაცია. დაკეტილია უსაფრთხოების მიზნით გზაჯვარედინები, სამაშველო სამსახურები და შესაბამისი ყველა უწყება მობილიზებულია. როგორც კი მდინარის დონე დაიკლებს, დავიწყებთ მოცემულობის შეფასებას და სალიკვიდაციო სამუშაოებს. წინასწარ შემიძლია ვთქვა, რომ ზარალი იქნება დიდი, მაგრამ სანამ მდინარე არ დაიკლებს და არ დავიწყებთ დაზიანებული ინფრასტრუქტურის შეფასებას, მანამდე დაზუსტებით რაიმეს თქმა შეუძლებელია. მოსახლეობის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია საშიშროების შექმნისთანავე,"- აცხადებს კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული პლატონ კალმახელიძე. 

დღის ამბები