მარინა პავლიაშვილი სამშენებლო კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" შეუსრულებელი ვალდებულებების შედეგად დაზარალებულთაგან ერთ-ერთი მოქალაქეა. 12-წლიანი სამართლებრივი დავის შემდეგ, მან თბილისის მერიის ჩართულობით მან კუთვნილი საცხოვრებელი ბინა მიიღო.
შარტავას ქუჩაზე, კომპანია "ოლიმპიური ვარსკვლავის" ნაკისრი ვალდებულებები, ახალმა ინვესტორმა კომპანია "თეთრმა კვადრატმა" შეასრულა.
კორპუსში საცხოვრებელი ფართი 350-ზე მეტ დაზარალებულს ჩაბარდა.
"ცენტრ პოინტი", "სვეტი", "ოლიმპიური ვარსკვლავი" - ეს არასრული ჩამონათვალია იმ კომპანიების, რომლებმაც ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს და მოქალაქეები ან ღია ცის ქვეშ, ან დაუმთავრებელ კორპუსებში მიატოვეს.
ასეთი დეველოპერებისგან 10 000-ზე მეტი მოქალაქე დაზარალდა. მათი დახმარების მიზნით, თბილისის მერიამ 2019 წელს კომისია შექმნა.
10-მდე სამშენებლო კომპანიამ ვალდებულებები ათობით ობიექტზე არ შეასრულა. მერიას დახმარებისთვის 50-მდე აუშენებელი ან დაუმთავრებელი ობიექტის დაზარალებულებმა მიმართეს. მათი რაოდენობა 10 000-ზე მეტია. ნაწილი უკვე დაკმაყოფილდა.
უმრავლესობა "ცენტრ პოინტის" დაზარალებულია. მათი ნაწილის კომპენსირება საკუთარ თავზე სამშენებლო კომპანია "ნექსთ დორმა"აიღო. ინვესტორმა თბილისში, 2 ლოკაციაზე ახალი და ხარისხიანი კორპუსის მშენებლობა დაევალა, სადაც დაზარალებულებს კუთვნილ ფართებს გადასცემენ.
ერთ-ერთი ლოკაცია მარიჯანის ქუჩაა. აქ რამდენიმე წლის წინ, "ცენტრ პოინტის" დაუსრულებელი და ავარიული შენობა იდგა და დაანგრიეს. აქ ახალი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.
რამდენიმე დღის წინ, ძლიერი წვიმის შემდეგ, ფერდი ჩაოიშალა. მერიამ ინვესტორ " ნექსთ დორს" 30 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა.
კომპანიას გამაგრებითი სამუშაოების ჩატარებამდე, მშენებლობის პროცესის გაგრძელება აეკრძალა. "ნექსთ დორი" მომხდარს "ცენტრ პოინტის" მიერ დატოვებული მძიმე მემკვიდრეობით ხსნის.
მარიჯანის ქუჩაზე ინვესტორმა ფართი "ცენტრ პოინტით" დაზარალებულ 433 პირს უნდა გადასცეს. "ნექსთ დორი" დაზარალებულებისთვის კიდევ ერთ კორპუსს, გელოვანის გამზირზე აშენებს, იქ ასევე "ცენტრ პოინტით" დაზარალებული 112 ოჯახი შესახლდება.
მშენებლობით დაზარალებულ ადამიანებს დედაქალაქის მერი პირობას აძლევს. ის, ვინც წლები იბრძოლა, მხარდაჭერის ფასი ყველაზე კარგად იცის.