ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი - ახალი მოდელი და საქართველოს სატრანზიტო მომავალი. სახელმწიფომ არჩევანი "ლენდ ლორდის" მოდელზე შეაჩერა. ერთი შეხედვით, ეს მხოლოდ ტერმინია, თუმცა, რეალურად სწორედ ის განსაზღვრავს, როგორ გადანაწილდება სტრატეგიული პორტის მშენებლობისა და მართვის პასუხისმგებლობა სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი კურიერი პ.ს-ს უყვება, რომ "ლენ ლორდის" მოდელი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული.
"ლენდ ლორდის" მოდელი საპორტო ინდუსტრიაში "ოქროს სტანდარტად" ითვლება. ეკონომიკის მინისტრის მოადგილე განმარტავს, რატომ არის ის საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი - სახელმწიფო აშენებს და ფლობს სტრატეგიულ ინფრასტრუქტურას - ნავმისადგომებს, ტალღამჭრელებს, აკვატორიას, მისასვლელ გზებსა და რკინიგზას. პორტის კომერციულ საქმიანობას კი კერძო ოპერატორები მართავენ, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ ეფექტიანობით, სისწრაფითა და მომსახურების ხარისხით.
რატომ მიიჩნევა ეს მოდელი ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულად? - თამარ იოსელიანი აცხადებს, რომ სახელმწიფო არ კარგავს კონტროლს სტრატეგიულ ობიექტზე, მაგრამ არც თავად არის პორტის ოპერატორი. ბიზნესს კი აქვს სტაბილური გარემო, შესაბამისად ინვესტიციების განხორციელებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ინტერესი. სწორედ ამიტომ, მსოფლიოს წამყვანი პორტების დიდი ნაწილი დღეს სწორედ ამ სისტემით ფუნქციონირებს. როტერდამი, ანტვერპენი, სინგაპური, ნიუ იორკი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, სადაც "ლენდ ლორდის" მოდელი წარმატებულია.
ანაკლიის მნიშვნელობა მხოლოდ პორტით არ განისაზღვრება. ის უკავშირდება შუა დერეფანს - სატრანსპორტო მარშრუტს, რომლითაც ჩინეთიდან და ცენტრალური აზიიდან ტვირთები კასპიის ზღვის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით ევროპაში ჩადის. ანაკლიის პროექტში მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოს რკინიგზასაც.
ბოლო წლებში, გლობალური სავაჭრო გზების ცვლილებების ფონზე, შუა დერეფნის მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ტვირთბრუნვაც ყოველწლიურად იმატებს, რაც საქართველოსთვის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ქმნის. საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეფასებით, "ლენდ ლორდი" იდეალური მოდელია, რომელიც ეროვნული ინტერესების მაქსიმალურად დაცვასა და პარტნიორების მრავალფეროვნებას უზრუნველყოფს.
ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შუა დერეფნის საკვანძო რგოლი გახდება. დღეს საქართველოს მოქმედ ნავსადგურებს შეზღუდული გამტარუნარიანობის გამო დიდი მოცულობის კონტეინერმზიდების მიღება არ შეუძლიათ. ანაკლიის ნავსადგურის ამოქმედების პირობებში საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, გახდეს ტრანზიტული ჰაბი შუა დერეფანში და სრულად ინტეგრირდეს გლობალურ ლოგისტიკურ საკონტეინერო ქსელებში. ანაკლია საქართველოს ახალი ეკონომიკური კარიბჭე გახდება, რომელიც შუა დერეფნის მომავალს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ დააკავშირებს.