"ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს ტრადიციულად ძალიან დიდი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში და სწორედ აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მომდევნო წლების განმავლობაში 7 მილიარდ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება ამ სექტორში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში.
მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, აღნიშნული ინვესტიციების ფარგლებში აშენდება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, მაგისტრალური გზები, ახალი საერთაშორისო აეროპორტი და საქართველოს მთავრობა ასევე განაგრძობს ინვესტიციას საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაში.
ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საუბრისას მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ის "ლენდლორდის“ მოდელით აშენდება და მისი მფლობელი სახელმწიფო იქნება.
"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი არის, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი ჩვენი ქვეყნისთვის ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ჩვენი ქვეყნისთვის - სტრატეგიული ობიექტის მფლობელი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შემთხვევაში იქნება სახელმწიფო. სახელმწიფო თავად განავითარებს პორტს, შექმნის იმ ეკოსისტემას, რომელიც გააერთიანებს არაერთი ჩვენი პარტნიორი ქვეყნის ინტერესებს“ - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ძალიან დიდი დაინტერესება არის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტში ოპერირებასთან დაკავშირებით ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან, ჩინეთიდან, საქართველოს პარტნიორი ქვეყნიდან - მათ შორის აზერბაიჯანიდან, ასევე დასავლური კომპანიებიდან.
"ჩვენს ქვეყანას ექნება შესაძლებლობა, რომ ძალიან სწორი პოლიტიკით, ძალიან სწორი მიდგომით აირჩიოს ის პარტნიორები, რომლებთან ერთადაც უკვე ოპერირების განსხვავებული მოდელით, ქართული მფლობელობით, მაგრამ საერთაშორისო თანამშრომლობით უზრუნველყოფს ტვირთნაკადების მოზიდვას და ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსაკუთრებულ წარმატებას“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.