13 ივლისი 2026,   19:03
ვრცლად
ბარამიძე, ამ თავის სიშტერით, ეტყობა ახალი კანდიდატი რომ ჰყავთ "მწვალებელთა პარტიას" იმას ეჯიბრება, რომ გადაასწროს - ირაკლი ზარქუა "კასრების საქმეზე" გაკეთებულ კომენტარზე

ცინიზმად და სისტემური დანაშაულების გადაფარვის მორიგ მცდელობად აფასებს "ქართული ოცნება" გიორგი ბარამიძის განცხადებას, რომელმაც ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში "კასრების საქმეზე" ისაუბრა.

"ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლების ყოფილმა წევრმა განაცხადა, რომ სამალავებში იარაღის შენახვა ქვეყნის თავდაცვის მიზნით ხდებოდა, რათა მტრის შემოსვლის შემთხვევაში პარტიზანულ ფორმირებებს წინააღმდეგობის გაწევა შესძლებოდათ.

მმართველ გუნდში კი ბარამიძეს ახსენებენ, რომ იარაღის პარალელურად, იმავე კასრებში ადამიანების წამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც ინახებოდა. უმრავლესობის შეფასებით, ამორალურია საკუთარი მოქალაქეების ტერორისა და შანტაჟისთვის განკუთვნილი მასალების სამშობლოს დაცვის მოტივით გამართლება.

"ბარამიძე, ამ თავის სიშტერით, ეტყობა ახალი კანდიდატი რომ ჰყავთ "მწვალებელთა პარტიას" იმას ეჯიბრება, რომ გადაასწროს. ქალბატონ ჟორჟოლიანს ვგულისხმობ. ის უბედურება, რაც "კასრების საქმეში" იხილა საზოგადოებამ 2013 წელს, იარაღთან ერთად მტრისთვის პორნოგრაფია უნდა ეჩვენებინათ? ის მწამებლობა და უბედურება, რაც ციხეებში ტრიალებდა, ესეც ალბათ პარტიზანებს უნდა ეჩვენებინათ მტრისთვის ხომ?! იარაღი და თან ამ ვიდეო ჩვენებას გაუმართავდნენ ხომ? აი ასეთ სიგიჟეებს, აბსურდებს რომ ლაპარაკობენ, ამიტომაც არის, რომ ის მხარდამჭერები, რომლებიც ჰყავდათ, ისიც კი შეუმცირდათ და 3%-ს თუ ასცდება მათი მხარდაჭერა ესეც, ალბათ, ოჯახის წევრების დახმარებით. ასეთ ბრიყვულ განცხადებებს რომ აკეთებს, ამაში ბარამიძე ჩემპიონია, თუ არ ვცდები, მე მგონი, გადაასწრებს თავისი პარტიის ახალ კანდიდატს", - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები