საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს სვეტიცხოვლობას და თორმეტი მოციქულის ხსენების დღეს აღნიშნავს. სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, რომელიც სწორედ 12 მოციქულის სახელზეა აგებული, სადღესასწაულო ღვთისმსახურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, შიო მესამემ აღავლინა. საეკლესიო გადმოცემით, დღესასწაული მეოთხე საუკუნიდან იღებს სათავეს.
"გილოცავთ 12 მოციქულის ხსენებას და სვეტიცხოვლობას - დღეს არის ამ დიდებული ტაძრის დღესასწაული ასევე, რამეთუ ის 12 მოციქულის სახელზეა აგებული. ჩვენ ხშირად ვერ ვაცნობიერებთ რაოდენ მადლობლები უნდა ვიყოთ მოციქულების. მათი პიროვნებები, მათი ღვაწლი ხომ საფუძველია ჩვენი ეკლესიის," - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას.
მისივე თქმით, დღეს ქართველი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მოციქულების ღვაწლისა და ქადაგების დამსახურებაა.
"დღეს ჩვენი ერი რომ არსებობს და ცოცხლობს, ეს მათი ღვაწლის, მათი ქადაგების დამსახურებაა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის თავს. ბედნიერნი ვართ, რომ ამ თარიღს აღვნიშნავთ - ეს არის სწორედ მათი ღვაწლისა და ქადაგების დამსახურება," - განაცხადა პატრიარქმა.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი