14 ივლისი 2026,   09:01
ვრცლად
EUobserver: თუ ევროპა სასწრაფო ზომებს არ მიიღებს, რევოლუცია მოხდება - ბელგიის კლიმატის მინისტრი

EUobserver-ის მიერ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ბელგიის კლიმატისა და მობილობის მინისტრი ჟან-ლუკ კრუკი კლიმატის პოლიტიკის სირთულეებსა და "მწვანე შეთანხმების" მიმდინარეობის საკითხებს მიმოიხილავს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში ევროპაში კლიმატურ რეგულაციებთან დაკავშირებით კრიტიკა გაიზარდა, ბელგიელი მინისტრი არ ფიქრობს, რომ ევროკავშირი ვალდებულებებთან დაკავშირებით უკან იხევს. კრუკის განცხადებით, სექტორის მხრიდან წამოსული მოთხოვნები ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივებაზე სრულიად ლოგიკურია.

მინისტრი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვავოთ სისტემის გამარტივება და დერეგულაცია.

"ჩვენ არ ვცვლით მიზნებს: ისინი უცვლელი უნდა დარჩეს. მაგრამ თუ შეგვიძლია გავუმარტივოთ ცხოვრება მათ, ვინც ვალდებულებებს ასრულებს, ეს ყველას ინტერესებშია, განსაკუთრებით კი კლიმატის ინტერესებში", - აცხადებს კრუკი.
მისივე თქმით, მიზნების მიღწევა ბიზნესსექტორის ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეუძლებელია.

ჟან-ლუკ კრუკის განმარტებით, კლიმატის პრობლემა არ არის ერთი კონკრეტული ქვეყნის გამოწვევა, ეს საერთაშორისო პრობლემაა, რომელიც ევროპულ დონეზე ერთიანი სტანდარტებით უნდა გადაიჭრას.

ინტერვიუში მინისტრი ბელგიის შიდა პოლიტიკურ სირთულეებსაც შეეხო და მოუწოდა თანამშრომლობისკენ: "მე უფრო მეტი კოორდინაციისა და თანამშრომლობისკენ მოვუწოდებ, რადგან ეს არაფერი ღირს. უბრალოდ საკუთარ თავს უნდა ვკითხოთ: რა მოხდება, თუ ერთმანეთის საპირისპიროდ მუშაობის ნაცვლად, ერთიანი მიზნისკენ ვიმოძრავებთ?"

კრუკი აღნიშნავს, რომ კლიმატის მიმართულებით გადაუდებელი და ეფექტური ნაბიჯების გადადგმა კრიტიკულია. მინისტრის თქმით, ევროპამ ეს ვალდებულებები სერიოზულად უნდა აღიქვას, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსალოდნელი შედეგები შესაძლოა "რევოლუციური" აღმოჩნდეს.

დღის ამბები