თელავში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. მძიმე ტექნიკა მდინარის კალაპოტს წმენდს და ნაპირსამაგრ სამუშაოებს ასრულებს. კავკასიონის ქუჩა გაწმენდილია, დასრულებულია დაზიანებული ხიდის დემონტაჟი. ადგილზე იმყოფება პარლამენტის თავმჯდომარე. შალვა პაპუაშვილი იმყოფებოდა საკოორდინაციო შტაბში, ის ადგილზე ეცნობა ვითარებას და მიმდინარე სამუშაოებს.
ადგილზე ჩავიდნენ "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებიც, რომლებიც სამუშაოებში ჩაერთნენ.
ვარლამ ლიპარტელიანმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდული ორგანიზაცია მაქსიმალურად ცდილობს, შეუმსუბუქოს ადგილობრივებს ვითარება.
"ვიმყოფებით ახალგაზრდებთან ერთად სტიქიის ზონაში, სადაც ვხედავთ, უკვე დაახლოებით გზის ნაწილზე გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია. ჩვენ უშუალოდ მოსახლეობასთან, ვისაც აქვს პრობლემა სადარბაზოებთან, მაღაზიებთან, ა.შ. ახალგაზრდული ორგანიზაცია ვიმყოფებით და მაქსიმალურად შევეცდებით, რომ დავეხმაროთ და შევუმსუბუქოთ მათ ეს სიტუაცია, რასაც ახლა ვხედავთ, ჩვენი ძალებით, რასაც შევძლებთ მაქსიმალურად, ხელით რაც არის შესაძლებელი, ვეხმარებით ყველაფერში აბსოლუტურად. ვიცით, რომ გზის სავალი ნაწილის უმეტესი ნაწილი თითქმის წესრიგდება, სახელმწიფო მთლიანად ჩართულია და მუშაობს, მძიმე ტექნიკაც მუშაობს და სადაც მძიმე ტექნიკა ვერ მიდის და სადა ხელით არის სამუშაო, იქ მივეხმარებით მაქსიმალურად მოსახლეობას," - ამბობს ვარლამ ლიპარტელიანი.