14 ივლისი 2026,   01:14
ვრცლად
ე.წ. კასრების საქმე როგორც "თავდაცვის ზღუდე" - გიორგი ბარამიძის განცხადება "ქართულ ოცნებაში" ცინიზმად შეაფასეს

რიტორიკული კითხვა მას შემდეგ გაჩნდა, რაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ე.წ. კასრების საქმეზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ერთგვარი თავდაცვის ზღუდე იყო მტრის შესაკავებლად. ბარამიძის განცხადება "ქართულ ოცნებაში" ცინიზმად შეაფასეს.

გიორგი ბარამიძემ ე.წ. კასრების საქმეზე განცხადება ერთ-ერთი მედიის ეთერში თავისივე ინიციატივით გააკეთა. თქვა, რომ თუ მტერი საქართველოში შემოვიდოდა, იარაღს მის წინააღმდეგ გამოიყენებდნენ. თუმცა, როგორ უნდა გამოეყენებინათ კასრებში აღმოჩენილი პირადი ცხოვრებისა და ადამიანების წამების ამსახველი ვიდეომასალა მტრის წინააღმდეგ, ამაზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრს არაფერი უთქვამს.

ბარამიძის ეს განცხადება საპარლამენტო ჯგუფ "ხალხის ძალაში" "ნაციონალური მოძრაობის" მიერ სისტემური დანაშაულების გადაფარვის მორიგ მცდელობად შეფასდა. თავად მიხეილ სააკაშვილის პარტიამ კი განმარტების გაკეთებისგან თავი შეიკავა და პასუხის გაცემისკენ თავად ადრესატს მოუწოდა.

ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით კითხვები ჟურნალისტებმა დღეს მთავრობის მეთაურსა და პარლამენტის თავმჯდომარესაც დაუსვეს. პრემიერ-მინისტრმა "ნაციონალურ მოძრაობას" შეახსენა, რომ იარაღის პარალელურად, კასრებში ადამიანების წამებისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებიც ინახებოდა. პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით კი, ამორალურია, საკუთარი მოქალაქეების ტერორისა და შანტაჟისთვის განკუთვნილი მასალების სამშობლოს დაცვის მოტივით გამართლება.

ე.წ. კასრების საქმე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე რეზონანსული სისხლის სამართლის საქმეა, რომელიც 2013 წლის ივნისში, ზუგდიდის რაიონის სოფელ ნარაზენის ტერიტორიაზე მიწაში დამარხული 8 კასრის აღმოჩენის შედეგად გამოვლინდა. სამართალდამცველებმა კასრებში დიდი რაოდენობით იარაღი, ასაფეთქებელი, ნარკოტიკული ნივთიერებები, ასევე წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეომასალა აღმოაჩინეს. საქმეზე 10-ზე მეტი პირია ბრალდებული, მათ შორის ძალოვანი სტრუქტურების ყოფილი მაღალჩინოსნები.

დღის ამბები