ევროკავშირის სხვა სტრუქტურების მსგავსად, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური შურისძიების იარაღად გამოყენებას, არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს უკავშირებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. საუბარია ჰააგის დოკუმენტზე, რომელშიც ჯო უილსონის მიერ ინიცირებული რეზოლუციის ტექსტიც მოხვდა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს სუბიექტურ ჭრილში აფასებს. ირაკლი კობახიძემ დღეს ეს მოვლენა ევროპის კონტინენტზე მოქმედ ე.წ. დიფ სთეითის სახელით ცნობილ ძალებს დაუკავშირა და თქვა, რომ საქართველოს დასჯის სურვილი ხელისუფლების მხრიდან მათ მორჩილებაზე უარის თქმამ განაპირობა, რამაც ქვეყანას მშვიდობა და სტაბილური განვითარების შანსი მისცა.
პრემიერმა სპეციალურ ბრიფინგზე ისიც ახსნა, როგორ ეწინააღმდეგება ეუთოს ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის 2024 წლის არჩევნების შემდეგ დაწერილ დასკვნას. იმ ფონზე, როდესაც ეუთო გაცილებით მძიმე დარღვევების გამო სხვა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში ჩატარებული არჩევნების შედეგებზე არაფერს ამბობს, ირაკლი კობახიძისთვის ნათელია რა სახის პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილი დგას რეზოლუციის მიღმა. პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო ასამბლეა სამომავლოდ მიდგომებს შეცვლის, რაც თანამშრომლობის ხარისხს გამოასწორებს.
მოსკოვის მექანიზმის დასკვნის ავტორის აღიარების მიუხედავად, რომ მას ვითარების საფუძვლიანად შესასწავლად დრო არ ჰქონდა, ქართული ოპოზიციაა მაინც ამტკიცებს, რომ რეზოლუცია ობიექტურ სამართლებრივ ფაქტებს ეფუძნება.
ოპონენტები ანტისახელმწიფოებრივ მიდგომებში, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა კი რუსული მოდელით მოქმედებაში დაადანაშაულეს დღეს პარლამენტის სპიკერმა და უმრავლესობის წევრებმა. კანონმდებლებმა საზოგადოებას, ხელისუფლების მიმართ უილსონის მტრული დამოკიდებულებაც შეახსენეს. მათი განცხადებით, ევროსტრუქტურების მხრიდან ორმაგი სტანდარტით მიდგომა ახალი არაა, მსგავსი რეზოლუციები კი ეუთოს საერთაშორისო რეპუტაციას ანადგურებს.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ ჰააგის დოკუმენტი გასულ კვირას დაამტკიცა. ასამბლეა ქართველმა დეპუტატებმა არაობიექტურობის გამო ადგილზევე გააკრიტიკეს და სხდომა კენჭისყრის პროცედურამდე პროტესტის ნიშნად დატოვეს.