სიმბოლური კაფსულა ჩადებულია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ახალი ეტაპი იწყება. გაფართოების პროცესი 2028 წელს დასრულდება. 150 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების მასშტაბურ ინვესტიციას "ტავ ჯორჯია" განახორციელებს. ახალი ინიციატივების ფონზე, ბოლო წლებში რეკორდულად გაზრდილ მგზავრთნაკადზე საუბრობს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაფართოვდა საერთაშორისო მიმართულებები და ქართულ საავიაციო ბაზარზე ოპერირება არაერთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო. მთავრობის მეთაურის თქმით, აეროპორტის გაფართოების პროექტი სახელმწიფო ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით ხორციელდება.
გაორმაგდება და ათამდე გაიზრდება მგზავრთა ჩასხდომის ხიდების რაოდენობა. მოეწყობა საჰაერო ხომალდების 7 ახალი დისტანციური სადგომი.
ტერმინალს 9 სარეგისტრაციო დახლი დაემატება. გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა. განახლდება არსებული სამგზავრო სივრცეები და შეიქმნება სავაჭრო განყოფილებები. ახალ ინფრასტრუქტურაზე საუბრობს ეკონომიკის მინისტრი და ამბობს, რომ საქართველოს მიმართ საერთაშორისო ინტერესი იზრდება.
პროექტის დასრულების შემდეგ გამტარუნარიანობა წელიწადში 5-ის ნაცვლად, 10 მილიონი მგზავრი იქნება. ქვეყნის მთავარი აეროპორტის გაფართოების აუცილებლობასა და ბოლო წლებში მგზავრთნაკადის დინამიკურ ზრდაზე საუბრობენ აეროპორტების გაერთიანებაში. "ტავ ჯორჯიაში" კი აცხადებენ, რომ მაქსიმუმ ორ წელიწადში თბილისის საერთაშორისო აეროპორტი მგზავრებისთვის ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე და კომფორტულ სივრცედ გადაიქცევა.
აეროპორტის გაფართოების პროექტი საქართველოს საავიაციო სექტორის განვითარების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საინვესტიციო ინიციატივაა. სამთავრობო გუნდში აცხადებენ, რომ ახალი ინფრასტრუქტურა გააძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო დაკავშირებადობას, გაზრდის საქართველოს ტურისტულ პოტენციალს და განამტკიცებს ქვეყნის, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის ფუნქციას.