14 ივლისი 2026,   03:23
ვრცლად
აშშ-ის კომბინირებული იერიში ირანის სიღრმეში, თეირანის საპასუხო დარტყმები და კრიტიკული ვითარება ჰორმუზის სრუტეში

ქერმანი, ლორესტანი, მარკაზი, ქოჰგილუიე, ბოიერ-აჰმადი და ჰორმუზის სრუტე - შტატების ცენტრალურმა სარდლობამ ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიის სიღრმეში და სანაპირო ზოლზე მდებარე სტრატეგიული ობიექტების მიმართულებით ავიაგამანადგურებლები, სამხედრო ხომალდები, საჰაერო და საზღვაო დამრტყმელი დრონები გაუშვა. კომბინირებული იერიშების შემდეგ განადგურებულია საზენიტო თავდაცვის სისტემები, სარადარო სადგურები, სარაკეტო და დრონების ბაზები, საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურა.

სამხედრო დაპირისპირების გეოგრაფიამ უკვე სპარსეთის ყურის აუზიც მოიცვა. ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა იერიშები მიიტანა რეგიონის სახელმწიფოებში ბაჰრეინში, ქუვეითში, ომანსა და იორდანიაში განლაგებულ ამერიკულ ბაზებზე. თავდასხმების სამიზნეა კატარი, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კი საჰაერო თავდაცვის სისტემამ ირანული რაკეტები და დრონები ჩამოაგდო. ყველაზე რთული ვითარება ახლა ჰორმუზის სრუტეშია. ირანმა მსოფლიოს მთავარი ენერგეტიკული არტერია უკვე დახურა.

კონფლიქტში ჩართვისთვის ემზადება შტატების მთავარი მოკავშირე, ისრაელი ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებელ სამხედრო ოპერაციას ამზადებს. ესკალაციის პარალელურად შედგა კომუნიკაცია ზარი თელ-ავივს და ვაშინგტონს შორის. ნეთანიაჰუმ და ტრამპმა სატელეფონო საუბრისას სხვადასხვა ფრონტზე მოქმედებების კოორდინაცია შეათანხმეს. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა კი საჯაროდ თქვა რომ ქვეყანა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, ირანის წინააღმდეგ სამხედრო კამპანია "კიდევ უფრო დიდი ძალით" განაახლოს.

ამ დრომდე უცნობია ისევ დასხდებიან თუ არა კონფლიქტში მონაწილე მხარეები მოლაპარაკებების მაგიდასთან. დიპლომატიური პროცესის შესახებ საკუთარ დასკვნას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი აქვეყნებს. გაირკვა, რომ ირანისთვის მიუღებელია ნებისმიერი შეთანხმება, რომელიც ჰორმუზის სრუტეზე მის გავლენას შეასუსტებს. თეირანი მზადაა, სტრატეგიულ დერეფანზე კონტროლის შესანარჩუნებლად სამხედრო დაპირისპირებაშიც შევიდეს. რადგან ქვეყნის ხელმძღვანელობისთვის ენერგეტიკული არტერიის კონტროლი მთავარ სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს.

ავტორი: ლუკა ჩლაიძე. 

დღის ამბები