"უკვე ორ წელზე მეტია, დისკრიმინაციულ მოპყრობას ვაწყდებით. ღიად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მთავრობაში სერიოზულად განიხილება არა მხოლოდ PACE-ში წევრობის გაყინვა, არამედ ევროპის საბჭოდან სრულად გასვლაც" - აცხადებს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.
მისი თქმით, 2024 წლის იანვარში ბაქოსთვის ხმის უფლების ჩამორთმევა ადამიანის უფლებებს არ უკავშირდებოდა და ეს იყო ქვეყნის დასჯა სუვერენიტეტის აღდგენის გამო.
ალიევი აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანი მზად არის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა პირველი ნაბიჯი ევროპულმა სტრუქტურებმა უნდა გადადგან:
"რაც შეეხება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, აქ, სამწუხაროდ, სრულიად განსხვავებული სურათია და ეს პირადად ჩემთვისაც სამწუხაროა. 2001 წელს, როდესაც პარლამენტის წევრი გავხდი, სწორედ მე ვიყავი აზერბაიჯანის დელეგაციის პირველი ხელმძღვანელი და ორი წლის განმავლობაში იქ ვმუშაობდი. როგორც იცით, ასამბლეა ყოველწლიურად ოთხ სესიას მართავს.
2024 წლის იანვარში, ეჭვქვეშ დააყენეს აზერბაიჯანის დელეგაციის უფლებამოსილება და ჩამოგვართვეს ხმის უფლება.
ეს არანაირად არ უკავშირდებოდა ადამიანის უფლებების საკითხს. საქმე მართლაც ადამიანის უფლებებს რომ შეხებოდა, ასეთ გადაწყვეტილებას ბევრად ადრე მიიღებდნენ. სინამდვილეში, ეს იყო ჩვენი დასჯა იმისთვის, რაც საკუთარი სუვერენიტეტის აღსადგენად გავაკეთეთ.
ამის შემდეგ აზერბაიჯანის დელეგაციამ გონივრული გადაწყვეტილება მიიღო და ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობა შეაჩერა. თუ ხმის უფლება არ გვაქვს, მაშინ იქ ყოფნას რა აზრი აქვს?
სხვათა შორის, ჩვენ მონაწილეობა არ მიგვიღია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევაში. სწორედ ამიტომ აზერბაიჯანი არ აღიარებს ამ სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რადგან ჩვენ არ ვიცით, ვინ არიან ეს მოსამართლეები - მათი არჩევისთვის ხმა არ მიგვიცია.
უკვე ორ წელზე მეტია, დისკრიმინაციულ მოპყრობას ვაწყდებით. ღიად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენს მთავრობაში სერიოზულად განიხილება არა მხოლოდ პასე-ში წევრობის გაყინვა, არამედ ევროპის საბჭოდან სრულად გასვლაც.
თუმცა ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ალენ ბერსე, დამიკავშირდა და მთხოვა, ეს ნაბიჯი არ გადამედგა, რათა ვითარების გამოსასწორებლად გამოსავალი მოძებნილიყო. ამ თხოვნის გათვალისწინებით, გადაწყვეტილება დროებით შევაჩერე, თუმცა მას შემდეგ, სამწუხაროდ, არაფერი შეცვლილა.
პასე-ს მხრიდან კვლავ გვესმის ბუნდოვანი და ულტიმატუმის ფორმით ჩამოყალიბებული მოთხოვნები, რაც ჩვენთვის სრულიად მიუღებელია.
ურთიერთობები ჩვენ არ გაგვიწყვეტია - ისინი თავად გაწყვიტეს. ყოველგვარი ლეგიტიმური საფუძვლის გარეშე ჩამოგვართვეს ხმის უფლება.
ასეთ ვითარებაში გამოსავალი მარტივია: მათ უნდა აღადგინონ აზერბაიჯანის დელეგაციის ხმის უფლება, რის შემდეგაც ჩვენი დელეგაცია დაუბრუნდება ასამბლეას. სწორედ ასე უნდა მოხდეს და არა პირიქით.
ჩვენ მათ წინააღმდეგ არანაირი არამართლზომიერი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს. უსამართლო გადაწყვეტილება მათ მიიღეს და, შესაბამისად, სწორედ მათ უნდა ეყოთ გამბედაობა, უკან დაიხიონ და აღიარონ, რომ სერიოზული შეცდომა დაუშვეს.
ამ საკითხზე ჩემი პოზიცია არაერთხელ გამომითქვამს. თუ აზერბაიჯანი ევროპის საბჭოს სრულად დატოვებს, ქვეყანაში ამას პრაქტიკულად ვერავინ იგრძნობს - ჩვენი წევრობა თუ არ წევრობა ბევრს არაფერს შეცვლის.
თუმცა, რა თქმა უნდა, ამ ინსტიტუტებთან დაპირისპირებას ნორმალური ურთიერთობები სჯობს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არა მხოლოდ პასე, არამედ ევროპარლამენტიც პერიოდულად ყოველგვარი საფუძვლის გარეშე იღებს ანტიაზერბაიჯანულ რეზოლუციებს.
ვფიქრობ, აზერბაიჯანის მიმართ აშკარა მიკერძოება არსებობს. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მათ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ 13 რეზოლუცია მიიღეს, თუმცა არცერთ მათგანს ჩვენთვის პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონია და არც რომელიმე მათგანს მოუხდენია გავლენა ჩვენს პოლიტიკაზე.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ეს ჩვენი არჩევანი არ ყოფილა. ჩვენ 2001 წელს ევროპის საბჭოს ნებაყოფლობით შევუერთდით.
იმ დროს ეს ორგანიზაცია სრულიად განსხვავებული იყო და, ზოგადად, ევროპაც სხვაგვარი იყო. ჩვენ ევროპულ ოჯახში იმ იმედით შევედით, რომ წევრობა დაგვეხმარებოდა მთავარი საკითხის - ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისა და ჩვენი სუვერენიტეტის სრულად აღდგენის საქმეში.
ჩვენ მზად ვართ ურთიერთობების ნორმალიზებისთვის, თუმცა პირველი ნაბიჯი სწორედ მათ უნდა გადადგან,"- განაცხადა ალიევმა.
ავტორი: ლუკა ჩლაიძე.