14 ივლისი 2026,   01:48
ვრცლად
პოლიციამ თბილისში ნარკოტიკების გაყიდვის სქემა გამოავლინა - გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ქალის საქმეში, მტკიცებულებების სახით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი დევს

მე-13 სართულზე მოწყობილ სამალავში, 26 წლის ქალმა მეფედრონი დადო და სადარბაზოდან გავიდა. "კურიერის" ინფორმაციით, მას თან კიდევ ჰქონდა ნარკოტიკი, რომელიც სხვა ადგილებში მყიდველისთვის უნდა დაეტოვებინა.

ქუთათელაძის ქუჩიდან გამოსული ქალი, ყაზბეგის გამზირზე პოლიციამ შეაჩერა და ხელბორკილები დაადო. პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა, წებოვან ლენტებში დაფასოებული კოკაინი და ალფა-პვპ ამოიღეს. ქალს ჯიბეში 50 გრამამდე წონის და 48 შეკვრა მეფედრონიც ედო.

გამოძიების ინფორმაციით, 26 წლის ქალის საქმეში, მტკიცებულებების სახით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი დევს. ადვოკატის თქმით, მის დაცვის ქვეშ მყოფს, ამ ეტაპზე, ბრალთან დაკავშირებით პოზიციის გასაჯაროება არ სურს.

დაკავებულ ქალს გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვა, რეალიზაციის ხელშეწყობას ედავება. "კურიერის" ინფორმაციით, ის სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკს ძირითადად დადების მეთოდით ყიდდა. 26 წლის ქალმა, დაკავების შემდეგ, საგამოძიებო ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა და პოლიციას სარეალიზაციოდ დატოვებული ნარკოტიკი უჩვენა.

ნარკოტიკების გაყიდვის მცდელობა თბილისში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აღკვეთეს. "კურიერის" ინფორმაციით, სამართალდამცველებს 26 წლის ქალის დანაშაულებრივ საქმიანობაზე ოპერატიული ინფორმაცია ჰქონდათ.

სამართალდამცველებმა ჩხრეკისას, ნარკოტიკის გარდა, ელექტრო სასწორები და წებოვანი ლენტებიც ამოიღეს.

26 წლის ქალს, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

დღის ამბები