რუსთავში, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების ლიფტების ახლით ჩანაცვლების და მოდერნიზაციის პროგრამა გრძელდება. ამ ეტაპზე, სამუშაოები 15 სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს.
პროექტის მიმდინარეობას, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ინფრასტრუქტურის სამსახურისა და "რუსთავის კორპუსის" ხელმძღვანელებთან ერთად გაეცნო.
"ჩვენი გუნდის მიზანია, ქალაქში უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა, სწორედ ამიტომ აქტიურად ვაგრძელებთ ლიფტების მოდერნიზაციისა და ახლით ჩანაცვლების პროექტს. დღეისათვის სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე მიმდინარეობს და შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე ძველი ლიფტების 70% იქნება განახლებული. პროექტი სრულად ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
უახლოეს პერიოდში, ლიფტების განახლება კიდევ 15 მისამართზე დაიწყება.
მიმდინარე წელს, ძველი ლიფტების ახლით ჩანაცვლება ჯამში, 130 სხვადასხვა მისამართზეა დაგეგმილი.
მრავალბინიან კორპუსებში, ლიფტების ახლით ჩანაცვლების და მოდერნიზაციის პროექტის მიზანი საცხოვრებელი შენობების ინფრასტრუქტურის განახლება და მოსახლეობისთვის უსაფრთხო და მოწესრიგებული საცხოვრებელი გარემოს შექმნაა.
პროგრამის დაწყებიდან დღემდე, რუსთავში, ახალი თანამედროვე ლიფტი უკვე 522 მისამართზე მოეწყო.