20 ივლისი 2026,   20:08
ვრცლად
მსოფლიო ჩემპიონატზე უგოლო ფრეა - არგენტინა მოედანზე 10 ფეხბურთელით დარჩა

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ძირითადი დრო ამოიწურა. ნიუ-ჯერსის სტადიონზე მატჩი ყველაზე დრამატულ ფაზაში შევიდა. ტრიბუნებზე ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმყოფება. ის ფინალს ფიფას პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოსთან ერთად ესწრება. ანგარიში კვლავ გახსნილი არ არის. ტაბლოზე უგოლო ფრეა, 0:0. მსაჯმა ძირითად დროს 4 წუთი დაამატა.
ესპანეთის ნაკრები გამარჯვების მოპოვებას ბოლო წუთებამდე ცდილობდა.

81-ე წუთზე ლაპორტმა თავით სახიფათოდ დაარტყა. მარტინესმა ბურთი საიმედოდ დააფიქსირა. 87-ე წუთზე ფერან ტორესს რეალური შანსი ჰქონდა. მისი დარტყმული კარს მცირედით აცდა. 90-ე წუთზე როდრიმ შორიდან სცადა ბედი, არგენტინის კარი სასწაულებრივად გადარჩა.

ესპანეთის ნაკრებმა კარისკენ 13-ჯერ დაარტყა. ფურია როხა ბურთს 69 პროცენტით ფლობდა. არგენტინის ნაკრები კი მძიმე მდგომარეობაშია. მესის გუნდს 90 წუთის განმავლობაში კარისკენ საერთოდ არ დაურტყამს. მათი დარტყმების მაჩვენებელი ისევ ნულია.

მსაჯის მიერ დამატებულ 93-ე წუთზე ენცო ფერნანდესმა პაუ კუბარსი უხეშად მოცელა. ესპანელი მცველი ჰაერში აფრინდა. მსაჯმა ფერნანდესს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა. არგენტინელი ვარსკვლავი მოედნიდან გააძევეს.

მოედანზე ემოციები უკონტროლო გახდა. ფერნანდესი წითელ ბარათს ვერ ეგუებოდა. ის არბიტრს თითქმის ერთი წუთის განმავლობაში ეჩხუბებოდა. ფეხბურთელი გადაწყვეტილებას აპროტესტებდა. საბოლოოდ მან მოედანი მხოლოდ 95-ე წუთზე დატოვა. არგენტინა მოედანზე 10 კაცით დარჩა.

საფეხბურთო დრამა ნიუ-ჯერსიში პიკს აღწევს. წინ დამატებითი ტაიმებია - ვინ მოიპოვებს მსოფლიო ჩემპიონის ოქროს ტიტულს. ადევნეთ თვალი მოვლენათა განვითარებას „რუსთავი 2“-ის ეთერში.

დღის ამბები