29 ივლისი 2026,   01:31
ვრცლად
"ასეთი მასშტაბის ხანძარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვქონია" - საფრანგეთსა და ესპანეთში ხანძრის ახალი კერები წარმოიქმნება

საფრანგეთსა და ესპანეთში, მაღალი ტემპერატურისა და ძლიერი ქარის ფონზე, გრძელდება ხანძრის ახალი კერების წარმოქმნა. ოფიციალური უწყებების მონაცემებით, ორივე ქვეყანაში სტიქიის ზონიდან სულ 300 000-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებული.

ესპანეთის მთავრობის მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით უკვე 150 000 ჰექტარი მიწის ფართობია დამწვარი. კასტელიონის პროვინციაში არის მსხვერპლიც.

საფრანგეთში რთული ვითარებაა ბორდოს რეგიონში. სამაშველო სამუშაოების მიმდინარეობისას, სამედიცინო დახმარება დასჭირდა 75 მეხანძრეს.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, შექმნილი კრიზისის სამართავად, მინისტრთა კაბინეტის სხდომა მოიწვია.

"უნდა გვესმოდეს, რომ სრულიად უპრეცედენტო ტყის ხანძრის წინაშე ვდგავართ. ვითარება, რომელსაც დღეს ვაწყდებით, ყველაზე მძიმეა, რაც კი ოდესმე დაგვიფიქსირებია. ასეთი მასშტაბის ხანძარი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვქონია. უკვე დამწვარია 160 000 ჰექტარზე მეტი ტერიტორია, თუმცა ხანძრების სეზონი ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ბრძოლას გავაგრძელებთ. ამასთან, უკვე ვიწყებთ დაზარალებული ოჯახების, მუნიციპალიტეტებისა და ყველა იმ ადამიანის დახმარებას, ვინც ყველაფერი დაკარგა. მათ საცხოვრებლით უზრუნველყოფასა და ცხოვრების თავიდან დაწყებაში დავეხმარებით", - განაცხადა ემანულ მაკრონმა.

დღის ამბები