მმართველი გუნდი სიძულვილის ენის წინააღმდეგ შექმნილი სამმართველოს შესახებ ამერიკის საელჩოს შეშფოთებას პასუხობს. "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ საელჩოს კითხვებს პასუხს საგარეო უწება გასცემს. მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ კანონმდებლობა კრძალავს ადამიანების საჯარო შეურაცხყოფას და მსგავსი კანონი, საქართველოს გარდა, ევროპის უმეტეს ქვეყნებში მოქმედებს.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, სასამართლოს მიერ დაჯარიმების ყველა შემთხვევაში იკვეთება შემზარავი შეურაცხყოფა საჯარო სივრცეში.
"სიტყვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის არსებობს ძალიან დიდი სხვაობა. ვის თუ არა ამერიკის საელჩოს, ძალიან კარგად უნდა მოეხსენებოდეს ამასთან დაკავშირებით და ნებისმიერი შემთხვევა, რომელიც იყო დაჯარიმებით დასრულებული სასამართლოს მხრიდან, აბსოლუტურად ყველგან იკვეთება შემზარავი შეურაცხყოფა ერთი ადამიანის მხრიდან მეორე ადამიანზე საჯარო სივრცეში, რაც ყოვლად მიუღებელია, და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების დღევანდელი ადმინისტრაციისთვის ეს უნდა იყოს მიუღებელი. ზოგადად, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეიძლება დღეს არსებობდეს პრობლემები ამ მიმართულებით, თუმცა ჩვენ ნამდვილად არ ვაპირებთ ამაზე საუბარს, ვინაიდან, ჩვენი ურთიერთობები ნორმალიზების პროცესშია და ოპტიმისტურია განწყობა ამ ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, არ შევალ მეტ სიღრმეში. თუმცა, კიდევ ერთხელ უნდა ვთქვა, რომ ვინც ეს განცხადება გააკეთა, ან საკითხს არ იცნობს კარგად, ან შეცდომაში იყო შეყვანილი," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.
ცნობისთის, აშშ-ის საელჩოს კითხვით "რადიო თავისუფლებამ" მიმართა. პასუხად, დიპლომატიურ უწყებაში განაცხადეს, რომ ეწინააღმდეგებიან შემზღუდავ კანონებს და შეშფოთებული არიან საქართველოს მთავრობის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს გამო.