29 ივლისი 2026,   14:00
ვრცლად
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მცხეთა-მთიანეთშიც დაიწყო

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის ფარგლებში, ამ ეტაპზე საველე სამუშაოებში ჩართული პერსონალის შერჩევისა და დაკონტრაქტების პროცესი მიმდინარეობს. შერჩეული თანამშრომლები სამუშაოების დაწყებამდე სპეციალურ ტრენინგს გაივლიან, რაც პროგრამის ერთიანი სტანდარტებით და ეფექტიანად განხორციელებას უზრუნველყოფს.

ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრი, პროგრამას ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ცხოველთა მოყვარულებთან და მიმკედლებლებთან აქტიური თანამშრომლობით ახორციელებს. თითოეული ღონისძიების ჩატარების ადგილი და თარიღი ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე წინასწარ ქვეყნდება.

მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან აყვანილ ძაღლებს, ვეტერინარული პროცედურები თბილისის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ცხოველთა თავშესაფარში ჩაუტარდებათ. პროცედურების დასრულების შემდეგ ცხოველები პირვანდელ გარემოს დაუბრუნდებიან. მათი დაბრუნების ამსახველი ვიდეომასალა ასევე გამოქვეყნდება ცენტრის ოფიციალურ Facebook-გვერდზე.

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა ქვეყნის ყველა რეგიონს მოიცავს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება:

მიუსაფარი და მიკედლებული ძაღლების სტერილიზაცია/კასტრაცია;

ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია;

იდენტიფიკაცია- რეგისტრაცია;

პატრონიანი ძაღლების (ძუ და ხვადი) იდენტიფიკაცია- რეგისტრაცია;

პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაცია, იდენტიფიკაცია (ჩიპირება) და რეგისტრაცია.

პროგრამის განხორციელება ხელს შეუწყობს მიუსაფარი ძაღლების რაოდენობის ჰუმანური მეთოდებით შემცირებას, ცოფის პრევენციას, ცხოველთა კეთილდღეობის გაუმჯობესებასა და უსაფრთხო გარემოს შექმნას როგორც მოსახლეობისთვის, ისე ცხოველებისთვის.

 

 

დღის ამბები