შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, ხოლო კიდევ ერთი არასრულწლოვანი ამხილეს.
"სამართალდამცველების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ არასრულწლოვანები, ცივი იარაღით თბილისში თავს დაესხნენ ტაქსის მძღოლს, რომელსაც სიცოცხლის მოსპობის მუქარით თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
პოლიციამ ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი არასრულწლოვანი ბრალდებულის სახით დააკავა, ხოლო მეორე არასრულწლოვანის მიმართ კანონით განსაზღვრული ღონისძიებები ტარდება", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.