ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირები დაჟინებით მოითხოვენ ევროკავშირის დონეზე ახალი გადასახადების დაწესებას ბლოკის გრძელვადიანი ბიუჯეტის დასაფინანსებლად და უარყოფენ ე.წ. "ეკონომიური" წევრი სახელმწიფოების სკეპტიციზმს, - ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, ევროკავშირის საკუთარი, ახალი შემოსავლების საკითხი, რომელიც მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს ნაწილია, ხუთშაბათსა და პარასკევს, დუბლინში გამართულ ევროპულ საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე მთავარი განხილვის თემა იყო. მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩო ევროკავშირის 2028–2034 წლების, დაახლოებით 2 ტრილიონი ევროს მოცულობის, გრძელვადიან ბიუჯეტს განსაზღვრავს.
"საკუთარი შემოსავლების საკითხის გადაწყვეტა აბსოლუტურად აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ ეს ბიუჯეტი მივიღოთ", - განაცხადა საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრმა ბენჟამინ ჰადადმა.
"ჩვენი პრიორიტეტი კვლავაც არის საკუთარი რესურსების ისეთი პაკეტის მიღება, რომელიც შეესაბამება ევროკომისიის თავდაპირველ წინადადებას. ჩვენ განვიხილავთ საკუთარი შემოსავლების წყაროებს, რომლებიც, არსებითად, ევროკავშირის ფარგლებს გარეთ მოქმედ სუბიექტებზე იქნება დამოკიდებული, რათა შეიქმნას საჭირო სახსრები მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოს დასაფინანსებლად", - დასძინა ჰადადმა.
მედიის ცნობით, ზაფხულის არდადეგების შემდეგ, მოლაპარაკებების განახლებისთანავე, განსაკუთრებით კი გასულ კვირას, ბერლინში, "ეკონომიური" ქვეყნების შეხვედრის ფონზე, საგრძნობლად გაიზარდა ზეწოლა ამბიციური ბიუჯეტის მიღებისა და მისი ახალი გადასახადებით უზრუნველყოფის საკითხზე.
ბიუჯეტის საერთო მოცულობის შემცირების მოთხოვნის გარდა, "ეკონომიური" - ევროკავშირის უმსხვილესი დონორი ქვეყნებისგან შემდგარი ჯგუფი კვლავ სკეპტიკურად უყურებენ იმას, რომ "საკუთარი რესურსები" მნიშვნელოვან შემოსავალს მოიტანს.
ამ სკეპტიციზმს უარყოფენ წევრი სახელმწიფოები, მათ შორის საფრანგეთი და ესპანეთი, ასევე ევროკავშირის ინსტიტუტების წამყვანი ფიგურები, რომლებიც საკუთარი რესურსებით მხარდაჭერილი ამბიციური ბიუჯეტის შემუშავებას ცდილობენ.
"ევროკავშირს ბიუჯეტის ამბიციურობის დონის ასამაღლებლად საკუთარი რეალური და ახალი რესურსები სჭირდება. მაგრამ, მან ასევე უნდა განიხილოს შემდეგი თაობის ევროკავშირის რეფინანსირება პროგრამა.
გამოწვევები ახლა უფრო დიდია, ვიდრე წარსულში. ნაკლები რესურსებით მეტის გაკეთება არ შეგვიძლია. მოქმედების დრო დადგა და ეს ამბიციურ ბიუჯეტს ნიშნავს. ამისკენ მიმავალი გზა საკუთარი რესურსებით, ახალი ერთობლივი ვალით და მიმდინარე ვალის რეფინანსირებაზე გადის", - განაცხადა ესპანეთის ევროკავშირის საკითხებში სახელმწიფო მდივანმა ფერნანდო სამპედრომ.
როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ ევროკავშირი წლის ბოლომდე მიაღწევს შეთანხმებას მრავალწლიან ფინანსურ ჩარჩოზე (MFF), რათა თავიდან აიცილოს მოლაპარაკებების გადადება 2027 წლამდე - წლამდე, როდესაც არჩევნები იმართება საფრანგეთში, იტალიაში, პოლონეთში, ფინეთში, საბერძნეთში, ესპანეთში, სლოვაკეთსა და ესტონეთში.
"გზავნილი ყველა დაინტერესებული მხარისადმი ნათელია და ვფიქრობ, სულ უფრო მეტად, თავად მხარეებისგანაც ისმის: ჩვენ წლის ბოლომდე უნდა მივაღწიოთ შეთანხმებას ევროკავშირის მომდევნო გრძელვადიან ბიუჯეტზე", - განაცხადა ირლანდიის მინისტრმა ევროპულ საქმეთა საკითხებში, თომას ბერნმა.
"ევროკავშირისთვის ე.წ. ახალი საკუთარი რესურსების დაბალანსებული და ამბიციური პაკეტი, ევროკავშირისთვის ახალი შემოსავლების ნაკადები, საერთო შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება", - განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ.
ამასობაში, ევროპარლამენტი მოითხოვს ბიუჯეტის ძირითადი საბიუჯეტო პუნქტების 10%-ით გაზრდას. ამასთან ერთად მოითხოვს, რომ ბიუჯეტში არ იყოს გათვალისწინებული აღდგენის ფონდის დაფარვა, სესხები, რომლებიც COVID-19 პანდემიის შემდეგ ბლოკის აღდგენის დასაფინანსებლად გამოიყენებოდა.
"მნიშვნელოვანია, რომ საკუთარი რესურსების გამოყენებას შევეცადოთ, რათა შევქმნათ პირობები ევროკავშირის ახალი პრიორიტეტების მხარდასაჭერად, როგორიცაა კონკურენტუნარიანობა, უსაფრთხოება და თავდაცვა, ასევე ტრადიციული პოლიტიკის სფეროები, როგორიცაა ერთიანობა, სოფლის მეურნეობა და მეთევზეობა", - განაცხადა ევროპარლამენტარმა კარლა ტავარესმა.
მედიის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა სამი ალტერნატიული იდეა წამოაყენა, რომელთაც, ევროკომისიის ვარაუდით, წელიწადში 11 მილიარდ ევრომდე შემოსავლის მოტანა შეუძლიათ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა ამჟამად ევროპულ ტურნეში იმყოფება, რათა ბიუჯეტის საკითხი ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან განიხილოს. პირველ ორ კვირაში ის უკვე შეხვდა სლოვაკეთის, ესტონეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ჩეხეთის, ლუქსემბურგის, ხორვატიის, უნგრეთის, რუმინეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, კვიპროსისა და სლოვენიის ლიდერებს. მომდევნო კვირას კოშტა შეხვედრებს პოლონეთში, გერმანიაში, მალტაში, ესპანეთში, პორტუგალიასა და ფინეთში გეგმავს. იგი არ ეწვევა შვედეთს, სადაც 13 სექტემბერს არჩევნები იმართება, რამაც შესაძლოა ხელისუფლებაში კიდევ უფრო მკაცრი ფისკალური პოლიტიკის მომხრე მთავრობა მოიყვანოს.
ტურნეს მიზანია წევრი ქვეყნების "წითელი ხაზების" დადგენა, რაც კოშტას დაეხმარება, განსაზღვროს, თუ რამდენად შორს შეიძლება წავიდეს მოლაპარაკებები ბიუჯეტის ირგვლივ.
ირლანდიის მთავრობა, რომელიც ამჟამად ბრიუსელში წევრ ქვეყნებს შორის დისკუსიებს უძღვება, სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებამდე წარმოადგენს კომპრომისულ ტექსტს - მანამ, სანამ ევროკავშირის ლიდერები ევროპული საბჭოს შეხვედრაზე შეიკრიბებიან.
Euronews-ის ინფორმაციით, აღნიშნული კომპრომისი მოიცავს შეთანხმებათა პაკეტს საკუთარი რესურსების შესახებ. საბოლოო შეთანხმების მიღწევას ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა და ევროპარლამენტის დასტური სჭირდება.