პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, თორნიკე ფაღავას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია საჯაროდ დაასმინა, რაც "რადიკალური ოპოზიციის" შიგნით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და მათ რეალურ სახეზე მეტყველებს.
მისი შეფასებით, ოპოზიციის ლიდერებს იდეოლოგიური ერთობა არ გააჩნიათ, მათი მთავარი მიზანი ძალაუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდებაა, ურთიერთობის მსგავსი ფორმა და ლექსიკა კი პოლიტიკური პროცესისთვის ყოვლად შეუფერებელია.
"ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ, როგორ დაასმინა საჯაროდ მიხეილ სააკაშვილმა ნიკა მელია. ძალიან საინტერესო პროცესი ვითარდება რადიკალური ოპოზიციის შიგნით. ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით მათ, დავარქვათ ამას თვითმხილება. ისინი ქართულ საზოგადოებას უყვებიან, რა ხდება რეალურად რადიკალური ოპოზიციის შიგნით.
ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც არ აერთიანებთ არც არანაირი იდეოლოგიური ერთობა და არ არიან ორიენტირებული ქართული საზოგადოების ინტერესებზე. ისინი მხოლოდ და მხოლოდ ორიენტირებულები არიან ძალადობრივად ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე და შემდეგ ამ ქვეყნის ძალადობრივ მართვაზე.
ყოვლად მიუღებელია და საზოგადოებისთვის ძალიან ცუდი საყურებელია, როგორ და რა ეპითეტებით მიმართავენ ისინი ერთმანეთს. როგორც სააკაშვილი ამბობს თავის საჯარო დასმენაში, ნიკა მელია მას ღიად და დაუფარავად აგინებს დედას. ეს არახალია. რადიკალური ოპოზიციის სხვა ლიდერებსაც თუ გადაავლებთ თვალს, მათ ერთმანეთთან მიმართვას და ლექსიკას, მიხვდებით, რომ ეს ადამიანები ყოვლად შეუფერებელი არიან, ზოგადად, პოლიტიკური პროცესისთვის," - აცხადებს თორნიკე ფაღავა.
ცნობისთვის: ყოფილ თანაგუნდელებს - მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირებამ სოციალური ქსელებიდან რუსთავის ციხეში გადაინაცვლა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა წერილი, სადაც აღნიშნავდა, რომ პენიტენციური დაწესებულების დერეფანში გავლისას "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე მას საკნიდან უშვერი სიტყვებით აგინებს. მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციის ლიდერებს შორის მიმდინარე ამ პროცესს აქტიურად ეხმაურებიან და მიიჩნევენ, რომ მსგავსი ლექსიკა და ქმედებები მათი პოლიტიკური დეგრადაციის პირდაპირი მაჩვენებელია.