07 სექტემბერი 2026,   17:40
ვრცლად
"რანაირი ჟურნალისტური სტანდარტია, როდესაც ასეთ ინფორმაციას ისმენ იმ ადამიანისგან, რომელზეც ცნობილია, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა" - არჩილ გორდულაძე ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის შეფასებით, მედიაში გავრცელებული ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუს სტენოგრამა ალოგიკურია და მასში მოყვანილი ინფორმაცია არასერიოზულ ხასიათს ატარებს.

დეპუტატის განცხადებით, აღნიშნული ჩანაწერი აჩენს კითხვებს იმასთან დაკავშირებით, ხომ არ არის მსჯავრდადებული ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარი თავის გადასარჩენად აგორებული ამ სპეკულაციური კამპანიის მთავარი ორგანიზატორი.

"რანაირი ჟურნალისტური სტანდარტია, როდესაც ასეთ ინფორმაციას ისმენ იმ ადამიანისგან, რომელზედაც ცნობილია, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. საერთოდ, შინაარსში შესვლისაც კი აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ყველა ძალიან კარგად ხვდება და კარგად მოისმინა, თუ როგორი ალოგიკური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, აზრს მოკლებული იყო ის ეგრეთ წოდებული ინტერვიუ, რაც გავრცელდა.

აქ ეს არ არის მთავარი კითხვა, არც სამართლებრივი, თუ პოლიტიკური საკითხები, თუ როგორც შეიძლება ტერიტორიების გადაცემა, რაც პირდაპირ კონსტიტუციით და არა მხოლოდ კონსტიტუციით არის განსაზღვრული, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთავარია, აი ასეთ ეგრეთ წოდებულ ინფორმაციაზე, ეგრეთ წოდებულ ინტერვიუზე ყოფილა თურმე ის სპეკულაციები, რომელიც, სამწუხაროდ, ვიხილეთ ჩვენი გუნდის ყოფილი წევრისგან, ყოფილი ლიდერისგან. აქ მთავარი კითხვა ეს არის - ირაკლი ღარიბაშვილი ჩაერთო ამ კამპანიაში, თუ მის მიერ დაწყებული და მის მიერ პროვოცირებულ-დაორგანიზებული იყო ეს ყველაფერი, რომლის მიზანიც ისევ და ისევ ერთი მხრივ, საკუთარი თავის გადარჩენაა, ხოლო მეორე მხრივ ვხედავთ, თუ როგორ იყენებენ ამ სპეკულაციებს სხვადასხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული პირი თუ მათთან დაკავშირებული სხვადასხვა ადამიანები," - აცხადებს არჩილ გორდულაძე.

ცნობისთვის: საქალაქო სასამართლოსა და პოლიციის მთავარ სამმართველოში ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე გამოკითხვები მიმდინარე კვირაშიც გრძელდება. ამ დრომდე გამოკითხული პირები აცხადებენ, რომ საქმის სამართლებრივ დეტალებს არ იცნობენ და მომხდარის შესახებ მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის წერილიდან შეიტყვეს. პარალელურად, მედიაში გავრცელდა "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტისა და ლაზარე ჯორბენაძის ინტერვიუს ჩანაწერი, რითაც დასტურდება, რომ ჯორბენაძეს დავით გარეჯის თემაზე არანაირი სერიოზული ინფორმაცია არ ჰქონდა. ჩანაწერის მიხედვით, ჯორბენაძე ჟურნალისტს დაუჯერებელ ინფორმაციას აწვდის და დამაზუსტებელ კითხვებზე ყოველ ჯერზე განსხვავებულ ციფრებს ასახელებს.

დღის ამბები