გერმანიის საქსონია-ანჰალტის მხარეში ჩატარებულ ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ "ალტერნატივა გერმანიისთვის". წინასწარი მონაცემებით, პარტიამ ხმათა 43,8% მიიღო და 83-ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში 39 მანდატი მოიპოვა.
რეგიონის მოქმედი პრემიერ-მინისტრის პარტიამ კი საკუთარი შედეგები მკვეთრად გააუარესა და 17,2%-ით მეორე ადგილზე ჩამოქვეითდა. აღსანიშნავია, რომ არჩევნებამდე ხელისუფლების წარმომადგენლები მთავარი ოპოზიციური პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" აკრძალვის საკითხს აქტიურად განიხილავდნენ.
წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას კი მათზე ფიზიკურად იძალადეს.
გერმანიაში განვითარებულ მოვლენებს თბილისში აფასებენ - "ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ ისლანდიის რეფერენდუმის შემდეგ, ეს არის ბრიუსელის ბიუროკრატიის მორიგი მარცხი.
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, ლევან მახაშვილის განცხადებით, AfD-ის მიმართ წინააღმდეგობის გაძლიერებამ შესაძლოა მოსახლეობის მხრიდან კიდევ უფრო მკვეთრი რეაქცია გამოიწვიოს.
მისი თქმით, პარტიის პოლიტიკური სივრციდან ხელოვნურად ჩამოშორების მცდელობები ვერ გააქრობს იმ პრობლემებით გამოწვეულ საზოგადოებრივ განწყობას, რომელსაც AfD გამოხატავს და ერთი პოლიტიკური ძალის აკრძალვის შემთხვევაში, მის ადგილს სხვა ძალა დაიკავებს.
"რაც უფრო მეტად გაუწევენ წინააღმდეგობას, რაც უფრო მეტად ვითომ სამართლებრივად თუ სხვა ფორმებით შეეცდებიან ამ მოძრაობის, ხალხის ხმის, ხალხის პოზიციების თუ სურვილების ჩახშობას, მით უფრო მკვეთრი იქნება პასუხი მოსახლეობის მხრიდან. სწორედ ეს არის, წლების განმავლობაში გვახსოვს ხო, იგივე მეთოდები, პრორუსულობის იარლიყების მიწებება, დადანაშაულება, ხან ექსტრემიზმში, ხან რაში, ხან რაში და უბრალოდ მცდელობა, რომ ასე ხელოვნურად, ყალბად გაეწიათ ეს პარტია პოლიტიკური სივრციდან.
თუმცა, ერთი რაღაც ავიწყდება ყველას და ეს ვიცით, რომ მარტო გერმანიისთვის არ არის დამახასიათებელი. "ალტერნატივა გერმანიისთვის" ეს არ არის უბრალოდ რაღაც სახელი და გვარი, ან რაღაც პოლიტიკური პლატფორმა. ეს არის გერმანიაში 10 წლეულების განმავლობაში დაგროვილ პრობლემებზე მოსახლეობის საპროტესტო განწყობა და გექნება "ალტერნატივა გერმანიისთვის" თუ რაღაც სხვა, ნებისმიერ შემთხვევაში, ის აუცილებლად საბოლოო ჯამში საარჩევნო შედეგებში გადაითარგმნება. აკრძალავენ ერთს - გამოჩნდება მეორე, აკრძალავენ მეორეს - გამოჩნდება მესამე", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.