ევროკავშირის გაფართოების საკითხებში მომავალი კომისრის, მარტა კოსის განცხადებას, რომლის თანახმადაც კანდიდატმა ქვეყნებმა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ტრამპის პოლიტიკურ მოძრაობასთან ურთიერთობა უნდა გაწყვიტონ, მმართველ გუნდში ეხმაურებიან.
პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი გაბუნიას შეფასებით, აღნიშნული მოთხოვნა სუვერენული სახელმწიფოების შიდა და საგარეო პოლიტიკაში პირდაპირი ჩარევაა და საბჭოთა პოლიტბიუროს მიდგომებს ახსენებს.
"რა თქმა უნდა, ეს უნდა იქნეს განხილული, როგორც პირდაპირი ჩარევა სუვერენული სახელმწიფოების საქმიანობაში. ნებისმიერ სახელმწიფოს აქვს უფლება და შესაძლებლობა, თავად განსაზღვროს საკუთარი საშინაო და საგარეო პოლიტიკა, ჰქონდეს ურთიერთობა ამა თუ იმ ქვეყანასთან, თუ ამა თუ იმ მოძრაობასთან და ორგანიზაციასთან.
შესაბამისად, პირდაპირი მითითება ქვეყნებისთვის, რომ შენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან არ ითანამშრომლო, ჩინეთთან არ ითანამშრომლო, მარტო ჩვენთან ითანამშრომლე, - ასეთი მითითებები სუვერენულ, დამოუკიდებელ ქვეყნებთან არის საბჭოური მიდგომა. მარტა კოსის დღევანდელი განცხადება რომ წავიკითხე, ის ჰგავდა 80-იანი წლების საბჭოთა პოლიტბიუროს წევრის განცხადებას, რაც კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს ამ პოლიტიკური ლიდერების უპასუხისმგებლობას, არათანმიმდევრულ და არაგონივრულ დამოკიდებულებას სხვა ქვეყნების მიმართ", - აცხადებს გიორგი გაბუნია.