23 სექტემბერი 2026,   02:54
ვრცლად
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისიის გადაწყვეტილებით შეჩერებული დიალოგის აღდგენა და წევრი სახელმწიფოების როლი - შალვა პაპუაშვილის ვიზიტი ბრიუსელში და ქართული დელეგაციის მთავარი გზავნილები

საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისიის გადაწყვეტილებით შეჩერებული დიალოგის აღდგენა და წევრი სახელმწიფოების როლი - ეს ის ძირითადი საკითხებია, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქართულმა დელეგაციამ ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან განიხილა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო მზადაა ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული პარტნიორობისთვის, ახლა კი ჯერი ბრიუსელზეა, რომელიც დიალოგის გზას უნდა დაუბრუნდეს. ამ პროცესში კი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების როლი მნიშვნელოვანია. საპარლამენტო დიპლომატია,რომ კონფრონტაციას გამორიცხავს, სპიკერის განცხადებით, ეს თავად სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებმაც აღნიშნეს.

ბელგიის ორივე პალატის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ქართული დელეგაციის მთავარი გზავნილი იყო - იშუამდგომლონ ევროკავშირთან კონსტრუქციული დიალოგის აღსადგენად. ქართველმა დეპუტატებმა, ბელგიელ კანონმდებლებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ პროცესებსა და ქვეყნის მიმართ უსამართლო დამოკიდებულებაზე, მათ შორის ევროკავშირის მიერ ფორმალურად შეჩერებულ ევროინტეგრაციის პროცესზე, რომელიც საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, არც საქართველოს და არც ევროკავშირის ინტერესებშია.

გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე- პარტნიორულ ურთიერთობებსა და პოზიციების გათვალისწინებას, რომ ალტერნატივა არ გააჩნია, ეს საპარლამენტო დელეგაციის წევრების თქმით, ორივე მხარემ დაადასტურა. ქართველი კანონმდებლები იმედოვნებენ, რომ ბელგიის ფედერალური პარლამენტის სენატისა და წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტებთან საქმიანი, მომავალსა და დიალოგზე ორიენტირებული შეხვედრა, ევროკავშირთან სრულფასოვანი ურთიერთობის აღდგენის წინაპირობა იქნება.

ქართველმა კანონმდებლებმა, ბელგიის პარლამენტის ორივე პალატის თავმჯდომარესთან ისაუბრეს გლობალურ გამოწვევებზე, უსაფრთხოების გარემოზე, საქართველოს როლზე სამხრეთ კავკასიაში და შუა დერეფნის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. დელეგაციის წევრების განცხადებით, განიხილეს ის პრობლემები და გამოწვევებიც, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ გაჩნდა.

ბელგიის სამეფოში, საპარლამენტო დელეგაცია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, მასპინძელი მხარის მიწვევით იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ბრიუსელის შემდეგ, კანონმდებლებთან ერთად, ოფიციალურ ვიზიტს ლუქსემბურგში განაგრძობს, სადაც მის ლუქსემბურგელ კოლეგას შეხვდება.

დღის ამბები