ე.წ. დეზერტირების ბაზრის მოვაჭრეები რეაბილიტაციის პროცესისთვის მზად არიან. გადაწყვეტილება რამდენიმე საათიანი კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. შეხვედრა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მოვაჭრეებთან დიდუბის გამგეობაში შედგა.
ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა განახლებას საჭიროებს. კერძო მესაკუთრემ მისი რეაბილიტაციის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც მოვაჭრეებში უკმაყოფილება და კითხვები გააჩინა. ადმინისტრაციასა და იქ დასაქმებულ პირებს შორის მოლაპარაკებების პროცესში მოდერატორის ფუნქციით დედაქალაქის მერია ჩაერთო.
რეაბილიტაციის საჭიროება დღეს კიდევ ერთხელ ახსნა კომპანიის წარმომადგენლობამ. შპს "თბილისი მოლში" აცხადებენ, რომ ტერიტორიაზე არსებული მოძველებული საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემები მიმდებარე შენობებისა და სასაწყობე სივრცეების დატბორვას იწვევს, რაც მფლობელს ფინანსურ ზარალს აყენებს.
უსაფრთხოების და სანიტარული ნორმების დაცვა, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, კომფორტული სივრცეების გაჩენა მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. თუმცა დედაქალაქის მერიის პოზიციაა, რომ ამ პროცესში დაცული და გარანტირებული უნდა იყოს ტერიტორიაზე დასაქმებული ადამიანების უფლებები.
დეზერტირების ბაზრის რეაბილიტაციის დაწყებამდე შეხვედრები ადმინისტრაციასა და იქ დასაქმებულ პირებს შორის მომავალშიც გაგრძელდება. პროცესების მოდერატორი დედაქალაქის მერია იქნება.