22 სექტემბერი 2026,   22:22
ვრცლად
ალექსანდრე კორძაიას კონცერტის დაფინანსება და პოლიტიკური შეფასებები - ევროკავშირის წარმომადგენლობა "რუსთავი 2-ის" წერილს არ პასუხობს

"რუსთავი 2-ის" მიერ გაგზავნილი წერილი უკვე მეორე დღეა ადრესატთანაა. ევროკავშირის წარმომადგენლობა არ პასუხობს შეკითხვას, იზიარებს თუ არა პასუხისმგებლობას იმ მუსიკოსთან თანამშრომლობაზე, რომლის ავტორობით შექმნილ მუსიკაში "ქართული ოცნების" თქმით, ის ხელისუფლების მილიონზე მეტ მხარდამჭერს შეურაცხყოფას აყენებს.

საუბარია ალექსანდრე კორძაიაზე, რომლის კონცერტსაც ფესტივალ "კამარას" ფარგლებში ევროკავშირის წარმომადგენლობა აფინანსებს. ღონისძიებას მხარს დანიის კულტურის ინსტიტუტიც უჭერს, თუმცა კონკრეტულ შეკითხვაზე პასუხი არც ამ უწყებისგან მიგვიღია. შალვა პაპუაშვილის თქმით, ევროკავშირმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ხელს უწყობს და აფინანსებს რადიკალიზმს თუ ემიჯნება მას.

ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი ამბობს, რომ ევროკავშირის მხრიდან მსგავსი პროექტის დაფინანსება რადიკალიზმს არ ახალისებს, ოპოზიციის მეორე ნაწილს კი კომენტარის გაკეთება არ სურს.

"ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობის ეს ნაბიჯი ბრიუსელის უსამართლო პოლიტიკის დადასტურებაა. უმრავლესობის წევრების თქმით, ევრობიუროკრატია უკვე დიდი ხანია, სხვადასხვა გზით ცდილობს პოლარიზაციის გაღრმავებას.

ფესტივალი სახელწოდებით "კამარა" ქალაქ გორში უნდა ჩატარდეს.

დღის ამბები