"საქართველოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა პოლიტიკური კომპრომისის საგანი არ არის" - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი ნიკა გვარამიას განცხადებაზე.
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა, რომელიც თავადაც ოკუპირებული აფხაზეთიდანაა თქვა, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი არ უყვართ და მტრობას სიყვარული ვერ შეცვლის. უმრავლესობის ლიდერისთვის გვარამიას ეს განცხადება შერიგების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია.
გვარამიას განცხადება სამშობლოს ღალატს ნიშნავს ვეტერანებისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებისთვის. ის ადამიანები, რომლებიც აფხაზეთის ომში იბრძოდნენ, ამბობენ, რომ მსგავსი შინაარსის განცხადებები ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს აზიანებს.
ნიკა გვარამიას პოზიცია უცვლელია. "კურიერთან" სატელეფონო საუბარში "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა იგივე გაიმეორა:
"უნდა ვთქვათ სიმართლე, ფაქტია, რომ ჩვენსა და აფხაზებს შორის ახლა არის მტრობა, სიყვარული არ არის და ჩემი მოსაზრებით არც იქნება. სიყვარული ვერ გაანელებს ამ მტრობას" - აცხადებს გვარამია.
ანტიაფხაზური და შერიგების პროცესის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია გვარამიას განცხადება პარლამენტის თავმჯდომარისთვის. მმართველ გუნდში ოპოზიციონერების მიერ გარედან მიღებული დავალების შესრულებაზე აკეთებენ აქცენტს.
ნიკა გვარამიამ ოკუპირებული აფხაზეთის შესახებ ერთ-ერთ პოდკასტში ისაუბრა და თქვა, რომ ქართველებსა და აფხაზებს ერთმანეთი არ უყვართ. რამდენიმე კვირის წინ კი, "კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერმა აფხაზეთის კონტექსტში სომხური მოდელიც ახსენა და მიანიშნა, რომ ყარაბაღის მსგავსად საქართველომ ოკუპირებული რეგიონი უნდა დათმოს.