პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გადატვირთვის გზაზეა და ბოლო თვეების დინამიკა ორ ქვეყანას შორის არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს ადასტურებს.
პაპუაშვილის თქმით, მმართველი გუნდი კმაყოფილია იმ პროგრესით, რაც ორმხრივ თანამშრომლობაში შეინიშნება. მან ხაზი გაუსვა რამდენიმე საკვანძო ფაქტორს, მათ შორის, ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებლის დანიშვნას, საგარეო უწყებებს შორის აქტიურ კომუნიკაციასა და საქართველოში "ტრამპ თაუერის" პროექტის განხორციელების დაწყებას, რაც, მისი შეფასებით, ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართ დონალდ ტრამპის პირად ნდობაზე მიუთითებს.
"რაც შეეხება ამერიკასთან ურთიერთობას, სწორედ, მე მგონი, ბოლო თვეების დინამიკა აჩვენებს, რომ ეს ურთიერთობები მიდის გადატვირთვის გზაზე. ჩვენ კმაყოფილი ვართ იმ დინამიკით, რომელიც ჩვენ ორ ქვეყანას შორის არსებობს, ვითარდება - კერძოდ იმით, რომ დაინიშნა ელჩის მოვალეობის ახალი შემსრულებელი, რომელიც ძალიან პოზიტიურად არის განწყობილი ჩვენი ქვეყნის მიმართ და თანამშრომლობისთვის არის განწყობილი; კერძოდ ის, რომ არსებობს საგარეო უწყებებს შორის კომუნიკაცია; კერძოდ ის, რომ მათ შორის "ტრამპ თაუერის" პროექტის განხორციელება დაიწყო საქართველოში, რაც გულისხმობს, მათ შორის, ტრამპის პირად, პერსონალურ ნდობას საქართველოს სტაბილური განვითარების მიმართ. ეს ყველაფერი მიგვანიშნებს, გვაჩვენებს იმას, რომ სწორი დინამიკა არის ამ ურთიერთობებში.
სხვა მხრივ, ჩვენ განვაცხადეთ, რა არის ჩვენი საზომი, როდის შეგვეძლება ჩვენ იმის თქმა, რომ ეს ურთიერთობა სრულად შეესაბამება ჩვენ წარმოდგენებს. ჩვენ ვთქვით, რომ ახალი სტრატეგიული პარტნიორობის დამყარება არის ის საზომი, კრიტერიუმი, როდესაც ჩვენ ვიტყვით, რომ უკვე კმაყოფილი ვართ იმ დონით ურთიერთობისა, რომელიც არის. ამის მზაობა ჩვენ გაცხადებული გვაქვს. რა მომენტშიც ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაცია მზად იქნება ამისთვის, ჩვენი მხრიდან იციან, რომ საქართველოს და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ჰყავთ ძალიან კეთილსინდისიერი პარტნიორი", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.