საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, ქვეყანაში გამართული საპროტესტო აქციები ცრუ აღქმებითა და დიდი დაფინანსებით იყო ინსპირირებული.
მისი თქმით, საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებისა და ფინანსების შემცირების პროპორციულად, პროტესტი ჩაიფუშა და განულდა.
"ყველას კარგად გვახსოვს ის ცრუ აღქმებით ინსპირირებული აქციები, ძალიან დიდი თანხებით დაფინანსებული აქციები. არაერთი გამოძიება, არაერთი დამდგარი განაჩენი ვნახეთ ამ ყველაფერთან, არაერთი, სხვათაშორის, ჟურნალისტური გამოძიებაც ვნახეთ იმ საქმეებთან ერთად, თუ რეალურად რას ამზადებდნენ, როგორ ემზადებოდნენ, საიდან რა დაფინანსება მოსდიოდათ.
მაგრამ ჩვენ მივიღეთ ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, რასაც ასევე ამ აღქმების თეორიით მოჰყვა მრავალი ე.წ. პროტესტი, პროტესტი, რომელიც ამბობდა, რომ თურმე აქ ქვეყნისთვის იბრძვიან და თურმე ქვეყნის დემოკრატიას არჩენენ. ჩვენი პასუხი რა იყო? იყო ერთი: არ არსებობს პროტესტი, რომელსაც არ აქვს საფუძველი. ამ პროტესტს, რა თქმა უნდა, არ ჰქონდა საფუძველი, იმიტომ, რომ იყო მხოლოდ და მხოლოდ სიცრუეზე და ცრუ აღქმებზე, აგენტურის დაგეგმილი, გარედან დახმარებული ე.წ. აქციები.
როგორც კი ამოქმედდა საკანონმდებლო სივრცეში ის უმნიშვნელოვანესი კანონები ჩვენი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის - ნებისმიერი დამოუკიდებელი, თავმოყვარე ქვეყნისთვის, რაც აქვთ და მოქმედებს სხვადასხვა საკანონმდებლო სივრცეში, დაფინანსებები შეუმცირდათ. პროპორციულად, როგორც კი მათ თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე უმცირდებოდათ დაფინანსებები, ვხედავდით იმ ე.წ. ეროვნულ ფასეულობებზე დაყრდნობილი პროტესტი როგორ ჩაიფუშა და განულდა.
დარჩენილი არიან გათითოკაცებული, მართლა სექტა.. რა რიტუალებს ატარებდნენ, უკვე მარაზმში გადავიდა, სასაცილოა ეს ყველაფერი. დარჩა გათითოკაცებული, ალბათ დახელფასებული, შემჭიდროებული ბიუჯეტით, პარტაქტივი ე.წ. რომელიც ყოველ შაბათს ან ყოველ ხუთშაბათ დღეს სადღაც დადიან. სწორად ეკუთვნით მათ სექტა, იმიტომ, რომ სექტანტები და სექტა იქცევა ასე, რომ რაღაც დღეს დაგეგმავენ: აი, ახლა უნდა ჩავიცვათ ეს ფორმა, გავიაროთ აქ და შემდეგ ალბათ ყავას სვამენ, ან სადმე იკრიბებიან..." - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.