"ეს თვითონ ამ ჯილდოს გაუფასურებაა, იმ ადამიანის სახელის შეურაცხყოფაა, ვის სახელობის ჯილდოც გადასცეს ამ ადამიანს და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი აბსურდული გამოხტომა და გამოხატულება ამ ყველაფრის" - ასე ეხმაურება მზია ამაღლობელისთვის ჯილდოს გადაცემას პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი სოსიაშვილი.
გიორგი სოსიაშვილის განცხადებით, ეს ყველაფერი საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია, არის ძალადობის წახალისება და რადიკალების ხელშეწყობა.
"ეს არის მორიგი ფარისევლობა და ძალიან დიდ აბსურდთან გვაქვს საქმე. ვეღარ ითვლიან რამდენი ჯილდო მისცეს. საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯებია. როდესაც წაახალისებ ასეთი აქტის ჩამდენ ადამიანს, რომელმაც ხელი აღმართა სახელმწიფოს ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუციაზე, ამით არის ძალადობის წახალისება, რადიკალების ხელშეწყობაა, რომ ქვეყანაში მათ ჰქონდეთ მუდმივად გარედან მხარდაჭერის იმედი. ეხლა ეს თვითონ ამ ჯილდოს გაუფასურებაა, იმ ადამიანის სახელის შეურაცხყოფაა, ვის სახელობის ჯილდოც გადასცეს ამ ადამიანს და მე ვფიქრობ, რომ კიდევ ერთი აბსურდული გამოხტომა და გამოხატულებას ამ ყველაფრის", - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელს პოლონეთმა ლეხ ვალესას სახელობის ჯილდო გადასცა. გადაწყვეტილება რადისლავ სიკორსკიმ ვარშავაში გამართულ ღონისძიებაზე, გამოაცხადა. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ პოლიციელზე ძალადობისთვის დაკავებული ამაღლობელი სიტყვის თავისუფლებისთვის იბრძვის, რის გამოც ის მხარდაჭერას საჭიროებს.
ამავე თემაზე, პოლონეთის საელჩომ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ:
"პრემია პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაიცემა დემოკრატიული ღირებულებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვისა და ხელშეწყობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. წლევანდელი პრემიის ლაურეატი ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი გახდა. პრემიის ლაურეატები არიან ადამიანები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს დემოკრატიისა და სამოქალაქო თავისუფლებების დაცვასა და განმტკიცებაში.“ - წერია განცხადებაში.