საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი პარტია "ახალში" მიმდინარე პროცესებს ეხმაურება. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, პარტია "ახალი" იშლება. მიზეზად ნიკა მელიასა და ნიკა გვარამიას შორის არსებული დაპირისპირება სახელდება. ერთ-ერთი ვერსიით, მელიას პრეტენზიები აქვს გვარამიასთან და მას პარტიის მიზანმიმართულ დაშლაში ადანაშაულებს.
გურამ მაჭარაშვილის შეფასებით, რეალურად, გვარამია და მელია ერთად არც არასდროს ყოფილან.
"მე თუ მკითხავთ, გვარამია და მელია არასოდეს ერთად არ ყოფილან. არაერთხელ გავაკეთეთ ამაზე კომენტარი. დასაწყისშივე, როგორც კი ეს ე.წ. ვითომ ახალი პარტია შექმნეს, დასაწყისშივე ვერ შეთანხმდნენ ეს ორი ადამიანი - თავმჯდომარე ვინ იქნებოდა და ორი თავმჯდომარე გახდა.
ჩვენ ახლა რასაც ვხედავთ, ეს არის იმის შედეგი, რაც დათესა უცხოურმა ძალამ თავისი ფულით და თავისი წაქეზებებით საქართველოში. დათესა ურთიერთდაპირისპირება, იმედი მისცა ამ "ნაცსექტას" და მის ფილიალებს, რომ თქვენ მოგიყვანთ ხელისუფლებაში და ასე შემდგომ, და მერე მოხდა ისე, რომ ქართველმა ხალხმა ეს ყველაფერი გაშიფრა. ჩვენ ეს ავუხსენით ქართველ ხალხს და ძალიან კარგად გაიგეს. გაიშიფრა ეს ყველაფერი და მხარდაჭერა მათივე მხარდამჭერების მხარდაჭერაც კი აღარ აქვთ და აღარ ჰქონდათ "ნაცმოძრაობას" და მის ფილიალებს.
ამიტომ არიან ახლა ასე დღეში და ეს დაპირისპირება, რა თქმა უნდა, გაგრძელდება მანამ, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო - ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ გამოიტანს იმ გადაწყვეტილებას, როდესაც "ნაცსექტა" თავისი ფილიალებით გავა ქართული პოლიტიკიდან," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
ავტორი: ნანა გოგატაძე