06 ოქტომბერი 2026,   21:49
ვრცლად
CMC-ის ინიციატივით, ჭიათურაში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს

CMC-ის ("ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის") ინიციატივით, ჭიათურაში დასაქმების ფორუმი მიმდინარეობს - წარმოდგენილია ღია ვაკანსიები სამთო-მოპოვებითი სფეროს 15 სპეციალობაში, რომელიც მიწისქვეშა სამუშაოების მიმართულებას მოიცავს.

დასაქმების მსურველებისთვის რეგისტრაცია წინასწარ იყო შესაძლებელი, თუმცა დღეს ფორუმში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ პირს შეუძლია.

სამუშაოს მაძიებლებს საშუალება აქვთ, ადგილზე შეავსონ განაცხადი მათთვის საინტერესო პოზიციაზე, გაეცნონ დასაქმების პირობებს და შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენლებს.

ჭიათურაში სამთო-მოპოვებით სამუშაოებს "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი" წარმართავს. კომპანიის ხელმძღვანელი მიხეილ სოცკი იმედს გამოთქვამს, რომ ახალი შრომითი რესურსებისა და ვაკანსიების დასაქმების ფორუმ-ბაზრობები მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ახალგაზრდების ჩართულობაზე.

"პირველად ვატარებთ ჭიათურაში შრომითი რესურსებისა და ვაკანსიების დასაქმების ფორუმ-ბაზრობას. მანამდე შევიმუშავეთ ჩვენი საწარმოს განვითარების ხუთწლიანი გეგმა და, ამ გეგმის ფარგლებში, გვჭირდება სამუშაო ძალა, ადამიანური რესურსები და ახალი სამუშაო ადგილების შევსება.

ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ახალგაზრდები გამოეხმაურებიან ჩვენს მოწოდებას, დაინტერესდებიან და აქტიურად ჩაერთვებიან. სამუშაო ადგილების საკმაოდ დიდი ნაწილი სწორედ ახალი მიმართულებებისა და ახალი ტექნოლოგიების ფარგლებში შეიქმნება, რათა მაღაროებში მიმდინარე სამუშაოები თანამედროვე ტექნოლოგიების, აღჭურვილობისა და მიდგომების გამოყენებით განხორციელდეს.

უახლოეს ათ დღეში მსგავსი ფორუმი ტყიბულშიც გაიმართება. შევეცდებით, ახალგაზრდებს მივაწოდოთ ინფორმაცია და ავუხსნათ, რა პერსპექტივები იხსნება ამ სფეროში. ეს ეხება როგორც უშუალოდ მოპოვების პროცესს, ისე შრომის უსაფრთხოებას და ყველა სხვა მიმართულებას", - აცხადებს მიხეილ სოცკი.

დღის ამბები