06 ოქტომბერი 2026,   17:03
ვრცლად
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს კატასტროფად მიიჩნევს და მისი დაბრუნება სურს, ეს ეხებათ უკრაინას, საქართველოს, მოლდოვას და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეფულმა განაცხადა, რომ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის მიღმა უფრო ფართო ამბიციები აქვს.

"ომამდე რუსეთს უკრაინასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, არანაირი საფრთხე არ ემუქრებოდა და მომგებიანი მიწოდების ხელშეკრულებები ჰქონდა რამდენიმე ქვეყანასთან, მათ შორის გერმანიასთან", - განუცხადა ვადეპოლმა ტელეარხ NTV-ს.

"სწორედ ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ რუსეთს უფრო ფართო გეგმები აქვს", - თქვა მან.

კითხვაზე, თუ რას გულისხმობდა, ვადეფულმა მოიყვანა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, ადრე გაკეთებული განცხადებები, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდესი კატასტროფა უწოდა.

"თუ ეს დიდი კატასტროფა იყო, მაშინ მას ალბათ სურს, რომ ის შეცვალოს“, - თქვა ვადეფულმა.

მისი თქმით, ეს ეხება არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საქართველოს, მოლდოვას და ბალტიისპირეთის ქვეყნებსაც.

ვადეფულმა აღნიშნა, რომ რადგან ბალტიისპირეთის ქვეყნები ევროკავშირისა და ნატოს წევრები არიან, ეს იმოქმედებს გერმანიაზეც და მათ მოკავშირეზე.

"გერმანია თავდასხმის ობიექტად არა მხოლოდ მაშინ ჩაითვლება, როდესაც მის ტერიტორიას თავს დაესხმებიან, არამედ იმ შემთხვევაშიც, თუ ნატოს მოკავშირეების საზღვრები დაირღვევა, როგორიცაა პოლონეთი, ესტონეთი, ლატვია ან ლიეტუვა", - დასძინა მინისტრმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ გერმანია უკვე ჰიბრიდული თავდასხმების წინაშე დგას, რის მაგალითსაც ლაიფციგში დრონების ინციდენტები და წინა კიბერშეტევები დაასახელა.

ცნობისთვის, აგვისტოში, ლაიფციგ-ჰალეს აეროპორტში უკრაინულ სატვირთო თვითმფრინავებს შორის ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი აღმოაჩინეს.

გერმანიის მთავრობა ინციდენტში რუსეთს ადანაშაულებს. მოსკოვი რაიმე კავშირს უარყოფს.

დღის ამბები