09 ოქტომბერი 2026,   20:41
ვრცლად
"პირველი იანვრიდან იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ სარკინიგზო ხაზზე, მოემატებათ ხელფასი 20%-ის ფარგლებში. ძვირფასო რკინიგზელებო, წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს" - ლაშა აბაშიძე

თბილისში რკინიგზელის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკის მინისტრმა და "საქართველოს რკინიგზის" გენერალურმა დირექტორმა მიმართეს, რკინიგზელებს კი პროფესიული დღე მიულოცეს.

ისაუბრეს საქართველოს რკინიგზაში დაგეგმილ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზე. ღვაწლმოსილ რკინიგზელებს სპეციალური ჯილდოები და პრემიები გადაეცათ. ლაშა აბაშიძის განცხადებით, რკინიგზელების ხელფასი, მიმდინარე წელს, 20 პროცენტით გაიზრდება. მისივე თქმით, საქართველოს მთავრობასთან ერთად მომდევნო სამი წლის განმავლობაში, კომპანიაში, დაახლოებით, 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება სამი ძირითადი მიმართულებით.

"ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ჩვენი გუნდისა და რკინიგზელების ერთობლივი ძალისხმევით შევცვალეთ მართვის მიდგომები, გავაუმჯობესეთ საოპერაციო პროცესები, შევამცირეთ ხარჯები და დაზოგილი რესურსები კომპანიის განვითარებას მოვახმარეთ. დღეს საქართველოს რკინიგზის მასშტაბური განახლება მიმდინარეობს. საქართველოს მთავრობასთან ერთად მომდევნო სამი წლის განმავლობაში დაახლოებით 2 მილიარდი ლარის ინვესტიციას განვახორციელებთ კომპანიაში სამი ძირითადი მიმართულებით. ეს იქნება სატვირთო გადაზიდვების მიმართულებით, სამგზავრო გადაყვანების და ინფრასტრუქტურაში. საქართველოს რკინიგზისთვის ასევე ისტორიული მნიშვნელობა აქვს, რომ 50-მდე ახალი ლოკომოტივის შესყიდვის პროცესი უკვე დაწყებული გვაქვს, რაც ნიშნავს ჩვენი სალოკომოტივო პარკის მასშტაბურ განახლებას. ეს მართლაც ისტორიულია, იმიტომ რომ ჩვენი ერთ-ერთი არსებითი გამოწვევა არის ჩვენი მოძველებული სალოკომოტივო პარკი. სამგზავრო მიმართულებით ვამატებთ 10 ახალ სამგზავრო მატარებელს, რაც საშუალებას მოგვცემს სრულად განვაახლოთ სამგზავრო მოძრავი შემადგენლობა. ასევე დაწყებულია რკინიგზის სადგურების მასშტაბური რეაბილიტაცია. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის განვითარების შედეგები უშუალოდ ჩვენ თანამშრომლებზე აისახოს. ამიტომ, როგორც ბატონმა პრემიერმა და ქალბატონმა მინისტრმა აღნიშნა, პირველი იანვრიდან იმ თანამშრომლებს, რომლებიც მუშაობენ სარკინიგზო ხაზზე, მოემატებათ ხელფასი 20%-ის ფარგლებში. ძვირფასო რკინიგზელებო, წინ კიდევ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი გამოცდილებით, პროფესიონალიზმითა და ერთობლივი ძალისხმევით ყველა დასახულ მიზანს მივაღწევთ." - აცხადებს ლაშა აბაშიძე.

 

 

დღის ამბები