ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენის, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
უწყების ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულმა საზღვარგარეთ ყოფნისას, უკანონოდ შეიძინა და ინახავდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება ,,ტილიდინს“, რომელიც ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“-ს საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით უკანონოდ შემოიტანა საქართველოში. აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება სამართალდამცველებმა ბრალდებულის სამგზავრო ჩანთიდან ამოიღეს.
"ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანა) წარედგინა.
სასამართლომ ბრალდებული დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა," - აღნიშნულია განცხადებაში.